Thumbnail
  • პოგბას სურს, პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
  • მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებით იმედგაცრუებულია

პოლ პოგბა მანჩესტერ იუნატედში დასარჩენად და ახალ კონტრაქტზე ხელის მოსაწერად კრიშტიანო რონალდოზე დიდ ხელფასს ითხოვს და შესაბამისად, სურს, რომ პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს.

ფრანგი ნახევარმცველი "წითელი ეშმაკებისგან" ხელფასის სახით ყოველ კვირაში 290 000 ფუნტს იღებს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ხელფასი კი კვირაში 480 000 ფუნტია და იგი ინგლისში მოთამაშე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

28 წლის პოგბას მანჩესტერ იუნაიტედთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფრანგს სეზონის ბოლოს "ოლდ ტრაფორდის" დატოვება სრულიად უფასოდ შეეძლება. ამასთან, უკვე იანვრიდან ფეხბურთელს შეუძლია სხვა კლუბებს დაელაპარაკოს და წინასწარი კონტრაქტიც გააფორმოს.

პოგბას მანჩესტერ იუნაიტედთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება

"წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობას პოგბას გუნდში დატოვება სურს და მასთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე დიდი ხანია საუბრობს. ახალი გარემოებების გათვალისწინებით, ხელმძღვანელობა იმედგაცრუებულია იმით, რომ მოლაპარაკება წინ ვერ მიდის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუნაიტედის უფროსობას არ მოსწონს ნახევარმცველის წამოყენებული პირობები და უკვე ეგუება იმ ფაქტს, რომ პოგბას მომავალ ზაფხულს უფასოდ დაკარგავს. მეტიც, კლუბი უკვე ეძებს მის შემცვლელს.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ საფრანგეთის ნაკრებში ვარჯიშის დროს მძიმე დაზიანება მიიღო და გუნდს ხანგრძლივი პერიოდი (დაახლოებით 3-4 თვე) ვერ დაეხმარება. ახალი გარემოებების და ტრავმის გათვალისწინებით, ბევრი ვარაუდობს, რომ პოგბამ ინგლისურ კლუბში თავისი ბოლო შეხვედრა უკვე ჩაატარა. 

კომენტარები

ბოლო ამბები