Thumbnail

ბორჯღალოსნების დრამატული გამარჯვება ბარბაროსებთან - ბოლოს აცილებული გარდასახვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო 16:15 ფრანგი ბარბაროსები
  • ბოლო წუთზე წაგებული პირველი ტაიმი
  • მათიაშვილისა და თოდუას გადამწყვეტი ლელოები

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნად, დინამო არენაზე "ფრანგ ბარბაროსებთან" შეხვედრა გამართა.

ორივე გუნდმა მატჩი აქტიურად დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მეტოქის მსგავსად, საქართველოს ნაკრებიც ხშირ შემთხვევაში, ხელით თამაშობდა და შეხვედრაც კიდევ უფრო სანახაობრივი იყო.

ფრანგების რამდენიმე მწვავე შეტევის მოგერიების შემდეგ, საქართველომ შეუტია და ჯარიმის დარტყმის უფლებაც მოიპოვა. სოსო მათიაშვილმა მე-18 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 24-ე წუთზე მეორე ჯარიმის გატანაც შეძლო.

"ბორჯღალოსნებს" რამდენჯერმე შეეძლოთ ლელოს დადება, თუმცა "ბარბაროსები" ყოველთვის კარგად ახერხებდნენ თავის დაცვას. ყველაზე ახლოს ლელოსთან ოთარ გიორგაძე იყო, გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ლელოს ჩათვლა შეიძლებოდა. ფრანგების მოთმინებამ შედეგი გამოიღო და ტაიმის მიწურულს ალბან პლასიმ ლელო დადო, რომელიც მაქსიმ მატიმ გარდასახა.

პირველი ტაიმი ფრანგებმა 7:6 მოიგეს.

მეორე ტაიმის 52-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა ხაზი გაჭრა და შესანიშნავი ლელო დადო, რომლის გარდასახვაც ვერ მოახერხა - საქართველო დაწინაურდა 11:7. 64-ე წუთზე ჟერომ ბოსუელმა ჯარიმის გატანა შეძლო და ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა. 76-ე წუთზე "ბორჯღალოსნების" შეტევა სანდრო თოდუამ ლელოთი დაასრულა - 16:10. ფრანგებმა კიდევ ერთხელ ბოლო წუთზე შეძლეს ლელოს გატანა, თუმცა გარდასახვა ვერ გამოიყენეს და მატჩი საქართველოს გამარჯვებით, 16:15 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სოსო მათიაშვილი დასახელდა.

სოსო მათიაშვილი: რთული შეხვედრა იყო, გახსნილ თამაშში ცოტა გაგვიჭირდა. ვნერვიულობდით, რასაც ისიც ემატებოდა, რომ მატჩი "დინამო არენაზე" იმართებოდა. ორი გარდასახვა ავაცილეთ, ჩვენც უნდა გაგვმართლებოდა. ვფიქრობ, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც წვიმაში ბოლომდე გვიჭერდა მხარს.

ახლა ბორჯღალოსნები წყნარი ოკეანის თასზე თამაშისთვის მოემზადებიან, სადაც ტონგას, ფიჯისა და იაპონიას შეხვდებიან.

საქართველო-ფრანგი ბარბაროსები

საქართველო-ფრანგი ბარბაროსები

საქართველო-ფრანგი ბარბაროსები

საქართველო-ფრანგი ბარბაროსები

საქართველო-ფრანგი ბარბაროსები

საქართველო-ფრანგი ბარბაროსები

საქართველო-ფრანგი ბარბაროსები

კომენტარები

ბოლო ამბები