Thumbnail

'იმედია, მოგვისმენენ' - ჯორჯო კიელინი გადატვირთულ კალენდარზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების მცველი კალენდრით უკმაყოფილოა
  • 37 წლის ფეხბურთელის თქმით, მოთამაშეთა ჯანმრთელობა დასაცავია

ტურინის იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების მცველმა ჯორჯო კიელინიმ ამჟამინდელ საფეხბურთო კალენდარზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მეტისმეტად გადატვირთულია. 37 წლის იტალიელი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ მოთამაშეთა წუხილს ყურად იღებენ და მომავალი წელს კალენდარს შეამსუბუქებენ.

"მოთამაშეებს ძალიან დიდი დატვირთვა აქვთ. წელს ყველა გუნდს ძალიან ცოტა დრო ჰქონდა ძალების აღდგენისთვის. ეს ის ასპექტია, რომლის გადახედვა აუცილებელია მომავალი წლის კალენდრის შედგენისას. იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩემპიონთა ლიგასა და ევროთასებზე ან ეროვნულ ნაკრებებში გამოდიან, მართლა ძალიან უჭირთ. 
 
იმედი გვაქვს, რომ მოგვისმენენ და მოიძებნება გამოსავალი, რომელიც მოთამაშეთა ჯანმრთელობას დაიცავს. ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გარეშე სულ სხვა შოუ იქნება", - აქვეყნებს ვეტარანი ფეხბურთელის სიტყვებს იტალიური მედია.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯო კიელინი, რომელიც ზაფხულში ევროპის ჩემპიონი გახდა, კუნთის ტრავმის გამო ვერ შეძლებს იტალიის ნაკრების დახმარებას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ნოემბრის მატჩებში.

იტალიის ნაკრებს მისი კაპიტანი მნიშვნელოვან მატჩებში ვერ ეხმარება

"სკუადრა აძურა" საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო შეხვედრებს 12 ნოემბერს შვეიცარიასთან, 15-ში კი ჩრდილოეთ ირლანდიასთან ჩაატარებს. რობერტო მანჩინის გუნდს C ჯგუფში 14 ქულა აქვს და შვეიცარიას მხოლოდ გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით ჯობნის.

კომენტარები

ბოლო ამბები