Thumbnail
  • Basketnews-ის ინფორმაციით, ქართველი ფორვარდი სეზონში 2.5 მილიონ ევროს იღებს
  • ევროლიგაში ყველაზე დიდი ხელფასი ბარსელონას წევრ ნიკოლა მიროტიჩს აქვს

პოპულარულმა ვებ-გვერდმა Basketnews ევროლიგის კლუბებში მოთამაშე ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელების ათეული გამოაქვეყნა და მოსკოვის ცსკა-ს ქართველი მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელია მე-5 ადგილზე დაასახელა.

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში ანალოგიური TOP 10 Eurohoops-მა შეადგინა და შენგელია სეზონური 1.8 მილიონი დოლარით მე-8 ადგილზე გაიყვანა, Basketnews-ს კი განსხვავებული მონაცემები აქვს. მის თანახმად, თოკოს ხელფასი დაახლოებით 2.5 მილიონი ევროა.

დაახლოებით იმიტომ, რომ NBA-ს კლუბებისგან განსხვავებით, ევროლიგაში ხელფასების გამომზეურება მიღებული არ არის, ამდენად, კალათბურთელების ანაზღაურების შესახებ მხოლოდ სავარაუდო მონაცემები არსებობს.

ევროლიგაში ყველაზე მეტს ნიკოლა მიროტიჩი, შეინ ლარკინი და ვასილიე მიციჩი იღებენ

არსებული წყაროს ცნობით, შენგელია რუსულ გრანდში ყველაზე მეტს გამოიმუშავებს, რადგანაც სერბი ცენტრის ნიკოლა მილუტინოვის ხელფასი 2.3-2.5 მილიონი ევროა, რუსი ვარსკვლავი ალექსეი შვედი კი 2.2 მილიონს იღებს.

როგორც ირკვევა, ევროლიგის კლუბებში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი ესპანელი ნიკოლა მიროტიჩია, რომელიც ესპანურმა ბარსელონამ NBA-დან დააბრუნა და სეზონში 5 მილიონ ევროს უხდის. მის გარდა, შენგელიას ტურნირის მოქმედი ჩემპიონის – თურქული ეფესის კალათბურთელები შეინ ლარკინი (3.2 მილიონი) და ვასილიე მიციჩი (3.1) უსწრებენ.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში 2020 წლის ზაფხულში ესპანური ბასკონიადან გადავიდა. ქართველმა ლეგიონერმა ევროლიგის მიმდინარე სეზონი ძალიან მაგრად დაიწყო და ზედიზედ 2 ტურის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა. შენგელიას დაახლოებით 2 კვირა მხრის ტრავმის გამო გაუცდა, ახლა კი, მწყობრშია და ხვალ, 11 ნოემბერს თელ ავივის მაკაბისთან მატჩი ელის.

ევროლიგის TOP 10 ხელფასი

1. ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა) – 5.0 მილიონი ევრო
2. შეინ ლარკინი (ანადოლუ ეფესი) – 3.2
3. ვასილიე მიციჩი (ანადოლუ ეფესი) – 3.1
4. იან ვესელი (ფენერბაჰჩე) – 2.8
5. თორნიკე შენგელია (ცსკა) – 2.5
6. ნიკოლა მილუტინოვი (ცსკა) – 2.3
7-8. მაიკ ჯეიმსი (მონაკო) – 2.2
7-8. ალექსეი შვედი (ცსკა) – 2.2
9. უოლტერ ტავარეში (რეალი) – 2.1
10. ნიკოლო მელი (მილანი) – 2.0

კომენტარები

ბოლო ამბები