Thumbnail

8 ნოემბერს, MMA-ში GFC-ის (Georgian Fighting Championship) ორგანიზებით, მორიგი ორთაბრძოლები გაიმართება, რომელშიც ქართველი მებრძოლების გარდა, უცხოელი სპორტსმენებიც იჩხუბებენ. GFC 14-ზე სულ 16 მებრძოლი იასპარეზებს. 8 ბრძოლიდან 5 შეხვედრა მეინ ქარდზე იქნება, მაგრამ ანდერ ქარდსაც თავისი ინტრიგა აქვს.

თავდაპირველად, ტურნირზე 18 მებრძოლს უნდა ეჩხუბა, თუმცა ანდერ ქარდის ბრძოლა არჩილ გოგოლაშვილსა და გიორგი ხუბეჯაშვილს შორის გაუქმდა. ასევე, ანდერ ქარდზე მიშა გორიაშვილს მეტოქე შეეცვალა და ნიკა ხელაიძის ნაცვლად ის მამუკა ზარავანდაშვილთან იჩხუბებს.

''სამი დღით ადრე გავიგე, რომ უნდა მეჩხუბა. ცხადია, ამ ბრძოლისთვის მომზადება რთული იყო, მაგრამ სისტემატურად ვვარჯიშობ და ფორმაში ვარ. ჩემი მეტოქე გამოცდილი მებრძოლია, მაქსიმუმს გავაკეთებ მასთან წარმატების მისაღწევად'', - განაცხადა ზარავანდაშვილმა.

სოფია ბაღიშვილი ირანელ მეტოქეს დაუპირისპირდება

დიდ ინტერესს იწვევს მეინ ქარდის ბრძოლა სოფია ბაღიშვილი V  საჰარ დინდუსტი (ირანი). ბაღიშვილმა GFC-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე 2-ჯერ იჩხუბა და მეტოქე ორივე შემთხვევაში უშანსოდ დაამარცხა. მან თბილისის ოქტაგონზე აზერბაიჯანელი შირინ მამადოვა "დააძინა", ხოლო ყაზბეგში თურქ აიბუკე იმანჩის მტკივნეული ილეთით მოუგო. ბაღიშვილის მიზანი UFC-ში მოხვედრაა. მას სურს, რომ მეორე ქართველი გოგო გახდეს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდ ორგანიზაციაში იჩხუბებს, ამისთვის კი საჰარ დინდუსტის წინააღმდეგ იოლი გამარჯვების მოპოვებაა საჭირო.

მარტინ საფარი და მიხეილ მესხი

მებრძოლებმა ერთი დღით ადრე წონები ჩააბარეს და შეხვედრებისთვის მზად არიან. სპორტსმენების წარდგენისას ინციდენტი არ მომხდარა - მხოლოდ ერთ მომენტში დაიძაბა სიტუაცია, როცა მიხეილ მესხს ირანელი მარტინ საფარი მიუახლოვდა და ქართველმა მებრძოლმა მას ხელი ჰკრა.

მეინ ქარდის ბრძოლები GFC-ს არსებობის ისტორიაში ყველაზე სანახობრივი იქნება. მოკლედ, 8 ნოემბერს ოქტაგონზე ძალიან მაგარი ჩხუბები გაიმართება, სადაც ბევრი ნოკაუტი გველის. სეზონის დასკვნითი შოუ არ უნდა გამოტოვოთ!

GFC-ის წლის ყველაზე საინტერესო ღონისძიებას ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე იხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები