Thumbnail
  • პაულ ბრაიტნერი იოზუა კიმიხიც აუცრელობას გამოეხმაურა
  • ბაიერნის ლეგენდამ ნახევარმცველი მკაცრად გააკრიტიკა

საფეხბურთო გერმანია ისევ მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ლიდერის, იოზუა კიმიხის აუცრელობაზე მსჯელობს. 26 წლის ნახევარმცველს ახლა პაულ ბრაიტნერმა შეუტია. 70 წლის ლეგენდამ კიმიხი მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ არ არის აცრილი.

“არავისთან არ მჭირდება იმ საკითხზე დისკუსია, უნდა აიცრას თუ არა. ჩემთვის მხოლოდ ერთი არჩევანი და ერთადერთი გზა არსებობს: ვაქცინაცია!” - განაცხადა ბრაიტნერმა “ბაიერიშერ რუნდფუნკთან” ინტერვიუში და დაამატა: “აქ მხოლოდ იმაში კი არ არის საქმე, რომ კიმიხი ბევრი ადამიანისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითია - ყველაზე მთავარი ის არის, რომ საქმე ეხება პირადად მას, მის სიცოცხლეს და ყველა ადამიანს და მათ სიცოცხლეებს. თუ ის ამის წინააღმდეგ იღებს გადაწყვეტილებას, მაშინ მე მისი აბსოლუტურად არ მესმის. ნული გაგება!”

'მე მათ ვეტყოდი: ხალხო, კარგად იყავით! აგერ იქ, მშვენიერი მთაა და ირბინეთ ზემოთ-ქვემოთ'

ბრაიტნერზე რომ იყოს დამოკიდებული, აუცრელ ფეხბურთელებს საერთოდ არ ათამაშებდა: “ხუთი წლის მანძილზე ბაიერნში გუნდის ხელმძღვანელი ვიყავი. მაშინ რომ ასეთი სიტუაცია ყოფილიყო, მას და ბაიერნის დანარჩენ 4 აუცრელ ფეხბურთელს არათუ არ ვათამაშებდი, ჩვენთან ვარჯიშის უფლებასაც კი არ მივცემდი. მე მათ ვეტყოდი: ხალხო, კარგად იყავით! აგერ იქ, მშვენიერი მთაა და ირბინეთ ზემოთ-ქვემოთ, ჩვენთან ერთად კი ვერ ივარჯიშებთ.” 

ბრაიტნერი ეთანხმება ლივერპულის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს, რომელმაც ამას წინათ, ფეხბურთელის მხრიდან აცრაზე უარის თქმა ავტომობილის საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში დაჯდომას შეადარა: “იურგენს შეეძლო პირდაპირ ეთქვა, რომ როდესაც აცრაზე უარს აცხადებ, ეს სხვა ადამიანის პოტენციური განზრახ დასახიჩრებაა.”

ბრაიტნერმა კიმიხზე "ბაიერიშერ რუნდფუნკის" გადაცემა "შტამტიშში" ისაუბრა

კვირაზე მეტია, რაც იოზუა კიმიხმა დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ არ აცრილა, თუმცა განმარტა, რომ ანტივაქსერი არ არის და გერმანიაში ე.წ. ძველი სტილის ვაქცინის დაშვებას ელოდება - როგორიცაა მაგალითად “სინოფარმი”, რომლითაც საქართველოში ადამიანები რამდენიმე თვეა, იცრებიან. 

გერმანიაში ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინები 2022 წლიდან უნდა დაუშვან. ეს ინაქტივირებული ვაქცინებია, ანუ შეიცავს კორონავირუსის გამომწვევ დახოცილ მიკრობებს, რომელიც შეჰყავთ ორგანიზმში. ეს საკმარისია სხეულისთვის, რომ ისწავლოს ვირუსთან ბრძოლა, რა დროსაც გამომუშავდება ანტისხეულები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში ვირუსის შეხვედრისას ორგანიზმმა უკვე იცის როგორ ებრძოლოს მას. კიმიხი სწორედ ასეთი ტიპის ვაქცინას ელის. შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ადამიანების აცრის პროცესი აქამდე ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი ვაქცინებით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები