Thumbnail
  • კიევის დინამოსთან მატჩის შემდეგ ბარსას ბოსები კატარში ჩავლენ
  • El Nacional-მა ჩავის სასურველი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა

ბარსელონა ჩავი ერნანდესის მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე მუშაობს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელები კიევის დინამოსთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩის შემდეგ კატარში ჩაფრინდებიან და ალ სადთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

ამასობაში, El Nacional წერს, რომ ჩავიმ ბარსელონას პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას უკვე გაუგზავნა იმ ფეხბურთელების სია, რომელთა გადაბირებაც სურს. როგორც ირკვევა, ჩავის ერთ-ერთი ფავორიტი მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი პოლ პოგბაა. ფრანგს მანკუნიანელებთან კონტრაქტი უმთავრდება და ბარსას მისი გადაბირება უფასოდ შეეძლება.

გამოცემის ცნობით, ჩავის სასურველ ფეხბურთელთა სიაში დორტმუნდის ბორუსიას ნორვეგიელი გოლეადორი ერლინგ ჰაალანდიცაა. მართალია, ბარსას ფინანსური პრობლემები აქვს, მაგრამ გერმანული მედიის ინფორმაციით, ჰაალანდს გაისად დორტმუნდიდან წასვლა 75 მილიონ ევროდ შეუძლია, რაც მისთვის არცისე დიდი თანხაა. მთავარია, რომელ გრანდში მოისურვებს თამაშს.

ჩავის სიაში ასევე არიან ლაიპციგის შემტევი დანი ოლმო და სევილიას მცველი ჟიულ კუნდე. რამდენად რეალურია, რომ კატალონიელებმა ასეთი ტრანსფერები განახორციელონ, ამას მომავალი გვიჩვენებს - ფაქტია, ახლა ბარსას უმძიმესი ფინანსური კრიზისი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები