Thumbnail

ბასილაშვილი ოცეულის ზღვარზე - ნიკოლოზი ATP-ს რეიტინგში დაწინაურდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში კიდევ 4 ადგილით დაწინაურდა და 2 101 ქულით 21-ე ადგილზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა გასულ კვირას ვენის ტურნირის მერვედფინალში ითამაშა, სადაც იტალიელ მატეო ბერეტინისთან 7:6 (7:5), 2:6, 3:6 დამარცხდა, თუმცა კი, წინსვლისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლოს ვენის ტურნირზე ითამაშა

ბასილაშვილმა კლასიფიკაციაში ფრანგი გაელ მონფილსი, ბრიტანელი დანიელ ევანსი, იტალიელი ლორენცო სონეგო და ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი ჩამოიტოვა და ახლა, ოცეულამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს.

ნიკოლოზის უახლოესი სამიზნე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტია, რომელიც ოცეულს 2 260 ქულით აგვირგვინებს. ქართველ ჩოგბურთელს მისი გადასწრების შანსი ამ კვირაშივე ექნება, თუკი პარიზის მასტერსზე (საპრიზო ფონდი 3 084 450 ევრო) წარმატებულად ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი Rolex Paris Masters-ში დღეს ჩაებმება და მისი მეტოქე ფრანგი ადრიან მანარინო იქნება. ეს თამაში ცენტრალურ კორტზეა დაგეგმილი და თბილისის დროით დაახლოებით 19:30 საათზე დაიწყება. თუკი ნიკამ წარმატებას მიაღწია, მე-2 წრეში ხსენებულ მონფილსსა და სერბ მიომირ კეჩმანოვიჩს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი დღევანდელზე უკეთეს პოზიციაზე დაახლოებით 2 წლის წინ, 2019 წლის 30 სექტებერს იყო. მაშინ ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს მე-17 ჩოგანი გახლდათ, ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი კი 2019 წლისვე 27 მაისით თარიღდება, როდესაც მე-16 პოზიციას უწია. სხვათა შორის, წლევანდელ საჩემპიონო რბოლაში ნიკას 1 920 ქულით სწორედ მე-16 ადგილი უკავია.

კომენტარები

ბოლო ამბები