Thumbnail

ბაიერნის მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი მიუნხენურ გრანდს ვერც ბუნდესლიგის მომდევნო მატჩში (შაბათს, ბერლინის უნიონთან) უხელმძღვანელებს. 34 წლის სპეციალისტი, რომელიც რეკორდმაისტერს კორონავირუსის გამო უკვე დააკლდა ჩემპიონთა ლიგის მატჩში ბენფიკასთან (4:0), გერმანიის ჩემპიონატის წინა შეხვედრაში ჰოფენჰაიმთან (4:0) და გერმანიის თასის შეხვედრაში გლადბახთან (0:5), ახლა ზედიზედ მე-4 თამაშსაც გამოტოვებს.

ნაგელსმანს მთავარი მწვრთნელის რანგში უნიონთანაც მისი პირველი ასისტენტი, დინო ტოპმიოლერი შეცვლის, რომელიც საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებლის, კლაუს ტოპმიოლერის შვილია. აღსანიშნავია, რომ ნაგელსმანი მატჩისწინა პრესკონფერენციას ჩაატარებს - ოღონდ, ჟურნალისტებს სახლიდან, ვიდეოზარით ჩაერთვება.

იულიან ნაგელსმანმა კორონავირუსი ჯერ ვერ დაამარცხა

9 ტურის შემდეგ, ბაიერნი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს 22 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ დორტმუნდს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. გლადბახთან თასზე 0:5 განადგურების შემდეგ რეკორდმაისტერი კრიტიკის ქარცეცხლშია და უნიონთან აუცილებლად დამაჯერებელი გამარჯვება სჭირდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები