Thumbnail

არსებობს ერთი ძველი გადმოცემა, ლამაზი და ნაღვლიანი თქმულება, რომელშიც დრომ თავისი ცვლილებები შეიტანა; შედეგად, ეს ამბავი, როგორც ხდება ხოლმე, რეალობის პირველწყაროს მოსწყდა, შეიცვალა და მითისთვის დამახასიათებელი სრულყოფილება და უნივერსალურობა შეიძინა.

ამბავი ორ ჭაბუკზეა, რომლებმაც ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვეს და ასე, მომენტალურად აღმოჩნდნენ თავიანთი ცხოვრების მწვერვალზე, არსებობის უმაღლეს წერტილში. და ამ დროს, როდესაც გმირებს, დიადი და სამუდამო გამარჯვებით კმაყოფილებს, მშვიდად სძინავთ, მათი დედა ევედრება უფალს: სანამ შვილები ისვენებენ და სიზმრების სამყაროში მოგზაურობენ, შენთან წაიყვანე, ხვალ რომ გაიღვიძებენ, მათი სიცოცხლე ჩვეულებრივად გაგრძელდება და ვინ იცის, საით წავაო.

ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი ამ ამაღელვებელ ამბავს ასე აგრძელებს: „დედა მართალი იყო - რაღაც აუცილებლად მოაკლდებოდა იმ სრულყოფილებას, რომელიც მთლიანად აღსრულებულია და მოცემულია უკვე მომხდარი გმირული აქტით. ამიტომ, სანამ დროა, სანამ მწვერვალზე ხარ, უნდა წახვიდე და მაშინ დარჩები“.

მართლაც, დედას სურს, მისი შვილების სხეულებრივი არსებობა იმ მომენტში, კონდიციაში შეწყდეს და შეჩერდეს, როცა ის სრულყოფილია და დარჩეს ხატი, რომელშიც, თავად ისტორიისგან განსხვავებით, დრო ვეღარაფერს შეცვლის, ვეღარაფერს დააკლებს და, რაც მთავარია, თავად გმირებიც ვერაფერს ავნებენ.

ეს ტექსტი იმ წამის მკაფიო შეგრძნებაზე, მომენტის ზუსტ შერჩევაზეა, როცა სპორტსმენი კარიერას ამთავრებს. წამის, რომელშიც თავს იყრის და ერთიანდება, მთლიანდება მისი განვლილი ცხოვრება, წამის, რომელიც 10, 15, 20 წელსაც კი იტევს და რომელიც მთელი სისავსით ინახავს განვლილი ცხოვრების ხსოვნას.

მჯერა, რომ სპორტში ამ წამის განსაზღვრა, რომელსაც მე წასვლის წამს ვუწოდებდი, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და დიდი სპორტსმენის კარიერა მთლიანობაში იმითაც ფასდება, რამდენად კარგად იგრძნო ინტუიციურად აქტიური სპორტიდან წასვლის მომენტის დადგომა.

თანამედროვე სპორტში კომერციალიზაციის პროცესის განვითარებასთან ერთად, თითქოს გაუფასურდა, გაფერმკრთალდა და საბოლოოდ დაიკარგა ამ წამის არსი, მნიშვნელობა. ფულმა ამ წამის მოკვლაც მოახერხა; ერთმანეთის მიყოლებით ვხედავთ სპორტში მობრუნებულ ლეგენდებს, რომლებიც, უცნაურია, მაგრამ კარიერას კარიერის დასრულების შემდეგაც აგრძელებენ.

ლეგენდამ სახელად ალესანდრო დელ პიერო (ვინ წარმოიდგენდა) თამაში იუვენტუსში გამოსათხოვარი მატჩის ჩატარების შემდეგაც გააგრძელა - ჯერ სიდნეიში და შემდეგ ინდოეთში. ანდრეს ინიესტას, რომელიც როგორღაც ისეთ გუნდში თამაშობს, სახელსაც რომ ვერ ვიხსენებ. აშშ-სა და არაბეთში კარიერის მიწურულს დამატებითი მილიონების საშოვნელად წასულ ცოცხალ ლეგენდებს ხომ რა ჩამოთვლის.

...და ამ თალსაზრისით ბოლო დროის ყველაზე იკონურ მაგალითს თვით ევანდერ ჰოლიფილდი წარმოადგენს - კრივის ისტორიის უდიდესი სახელი, რომელმაც საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ცოტა ხნის წინ UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ვიტორ ბელფორტმა პირველსავე რაუნდში სამარცხვინოდ გალახა. რამ აიძულა ჰოლიფილდი, კეთილი მოხუცი, რინგზე ასულიყო? რწმენის სიჯიუტემ, რომ მეფენი მეფობენ და არა დრონი, ადამიანურმა ნოსტალგიამ, მონატრებამ გულშემატკივრების გამაყრუებელი შეძახილების და იმ შეგრძნებების კიდევ ერთხელ განცდის, აღდგენის მძაფრმა სურვილმა, რაც 30 წლის წინანდელ წარსულში სამუდამოდ დარჩა, თუ ფულმა, რომელიც ამ ერთდროულად სამარცხვინო და სევდიანმა, გროტესკულმა შოუმ მოუტანა?

ვინ განიცადა სიამოვნება და ადრენალინი იმის ხილვით, როგორ უერთიანებს თავყბას „ვიღაც“ ტიპი კრივის რინგზე 58 წლის ევანდერ ჰოლიფილდს, რომელსაც სახლში შვილიშვილები ელოდებიან? ბრძოლისთვის არ მიყურებია, რადგან ზუსტად ვიცოდი, ვერ ვნახავდი სპორტული სანახაობისთვის დამახასიათებელ ავთენტურ ბრაზს, მეტოქეობას, გამარჯვების ავადმყოფურად ნამდვილ სურვილს; ისევე, როგორც არ მინახავს დელ პიეროს და ინიესტას არცერთი თამაში ტურინიდან და ბარსელონადან წასვლის შემდეგ...

ნამდვილი გულშემატკივრები ასეთ სანახაობებს ალბათ იმ სევდიანი იმედით თუ უცქერენ, რომ იქნებ მოხდეს სასწაული და კიდევ ნახონ, როგორ იჭრება ბურთი საოცარი ტრაექტორიით შორეული ცხრიანისკენ „დელ პიეროს ზონიდან“, როგორ მოძრაობს ინიესტა მოედანზე ისე, თითქოს ბურთი ფეხზე აქვს მიწებებულიო და რა შეუძლებელი, არაადამიანური ძალა აქვს ჰოლიფილდის მარჯვენა და მარცხენა ჰუკებს. ეს სრულიად გასაგები, ნოსტალგიური შეგრძნებაა. მაგრამ... მაყურებლობა, სპორტის გულშემატკივრობა ნიშნავს იმასაც, გამოიჩინო სიმამაცე და შეეგუო, რომ ერთხელაც დადგება შენი საყვარელი სპორტსმენის წასვლის, თქვენი ერთობლივი ამბის დასრულების მომენტი - წამი, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდი.

ქვემოთ თანამედროვე სპორტული ცხოვრებიდან დიდი სპორტსმენების წასვლის ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს გავიხსენებ.

ხაბიბის წამი

UFC-ის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მოჩხუბარმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა მებრძოლის კარიერა გასული წლის ოქტომბერში დაასრულა, როცა ოქტაგონზე უკანასკნელად გავიდა და ჯასტინ გეიჯი უშანსოდ დაამარცხა.

32 წლის დაღესტნელი მებრძოლის აქტიური სპორტიდან წასვლა დიდი მოულოდნელობა იყო, რადგან ამ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე დომინანტმა ფიგურამ წასვლა კარიერის პიკში, სწორედ მწვერვალზე ყოფნისას გადაწყვიტა. და კიდევ უფრო უცნაური იყო მიზეზი, რომელიც დაასახელა: ხაბიბის თქმით, ის დედას შეპირდა, რომ აღარ იბრძოლებდა.

თავიდან ეს ყველას მეტი ფულის გამოსამუშავებლად დაგეგმილი მარკეტინგული ხრიკი ეგონა, მაგრამ მალე ყველა დარწმუნდა, რომ ხაბიბი სულაც არ ხუმრობდა.

ხაბიბს შეეძლო, კიდევ გამოემუშავებინა დიდი ფული, მაგრამ თქვა, რომ უკვე საკმარისი იშოვა. პრომოუშენის პრეზიდენტისთვის, დანა უაითისთვის და, ზოგადად, დასავლური აღქმისთვის, ცნობიერებისთვის, რა თქმა უნდა, გაუგებარი აღმოჩნდა, რას ნიშნავს, რამდენია „საკმარისი“ ფული და დედისთვის მიცემული პირობა...

შეიძლება, ხაბიბის სპორტიდან წასვლის მიზეზი უფრო ღრმად ფსიქოლოგიურიცაა და იმას უკავშირდება, რომ მას რეალური, ძლიერი, ტოლსწორი მეტოქე არ ჰყავდა. შეხედეთ მესის და რონალდოს - ჩვენს არსებობას აზრს ხომ ღირსეული მტრების არსებობა ანიჭებს. მაგრამ ერთი რამ ცხადია - ხაბიბის წასვლის წამი საინტერესო და დამაფიქრებელია - ის წავიდა ისე, რომ საკუთარი აჩრდილი მაინც ოქტაგონზე დატოვა. ეს ნამდვილად იყო წასვლა დარჩენის გარანტიით. ვინც არ უნდა გახდეს ამ წონის ოფიციალური ჩემპიონი, აუცილებლად არ მოასვენებს განცდა, რომელსაც ხშირად არასრულფასოვნების კომპლექსსაც უწოდებენ ხოლმე, რომ საუკეთესო არ არის, რადგან სადღაც არის ბიჭი, რომელსაც მარტივად შეუძლია ნებისმიერ დროს მისი დამარცხება.

ჰაკუჰოს წამი

სუმო, ჩემი აზრით, სპორტის ის სახეობაა, რომელიც ყველაზე მეტად ინარჩუნებს - არ გამოვიყენებ სიტყვა „ღირსებას“ და უფრო ნეიტრალურ ცნებებს მოვიშველიებ - რიტუალურობას და ეთიკურ ღირებულებას აბსოლუტური კომერციალიზაციის პირობებში. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ კარიერის დასრულების მომენტის სწორად შერჩევას რიკიშებისთვის ახლაც შენარჩუნებული აქვს თავისი განსაკუთრებული, საკრალური შინაარსი.

სულ ცოტა ხნის წინ, დიდმა ჩემპიონმა, იოკოძუნა ჰაკუჰომ დაასრულა კარიერა, რომლის მანძილზეც 45-ჯერ აღმართა საჩემპიონო თასი. საკამათოა, ასეთ შედეგს მომავალში ვინმე თუ მიაღწევს.

ჰაკუჰომ ბოლო ბაშოზე, ტრავმიანმა ძენშო იუშო მოიპოვა - ანუ, 15-დან 15 ორთაბრძოლა მოიგო და სწორედ ასე დაასრულა კარიერა. ეს იყო წასვლა ყველაზე სრულყოფილი გამარჯვების შემდეგ კიდევ ერთი არსებითი მიზეზის გამო - ჰაკუჰომ ბოლო, გადამწყვეტ ბრძოლაში სწორედ ის მებრძოლი, ტერუნოფუჯი დაამარცხა, რომელიც „თეთრი ფენიქსის“ (ეს ჰაკუჰოს მეტსახელია) წასვლის შემდეგ თავად გახდა იოკოძუნა. შეიძლება იყოს წასვლა იმაზე სრულყოფილი, როცა მას ამარცხებ, ვინც ამ წამიდან შენი ადგილი უნდა დაიკავოს?

ლიპარტელიანის წამი

წმინდა ტექნიკური, სპორტული უნარების, ცოდნის და ჩვევების თვალსაზრისით, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა ტოკოიოს ოლიმპიურ თამაშებზე სენსაციური მარცხის შემდეგ დაასრულა. მან ეს გააკეთა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ რჩებოდა თავისი წონის (100 კგ) ლიდერად, პირველ ნომრად. და უნდა აღინიშნოს, ასე იყო მისი თითქმის მთელი სპორტული კარიერის განმავლობაში. მაგრამ უძლიერეს სპორტსმენს, ვარლამ ლიპარტელიანს არასოდეს მოუპოვებია ყველაზე დიდ ფორუმებზე ოქროს მედალი - ის ვერ გახდა ვერც მსოფლიოს და ვერც ოლიმპიური ჩემპიონი და ყველა ფინალში დამარცხდა. ის იყო პირველი ისე, რომ არასდროს მოუპოვებია გამარჯვება გადამწყვეტ ბრძოლაში.

„ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა რაღაც მთავრდება“ - ასე დაემშვიდობა ლიპარტელიანი მისი გამოსვლით იმედგაცრუებულ გულშემატკივარს და დაუტოვა მარცხთან შეგუებით მოგვრილი სინანულის გემო.

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს და ოლიმპიური ოქროს გარეშე - ამ გამოთქმის წარმოუდგენლად ოქსიმორონული, წინააღმდეგობრივი შინაარსი კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის იმ მომენტის მნიშვნელობას, როცა ძიუდოისტმა წასვლით საკუთარ თავთან დამარცხება საბოლოოდ აღიარა.

ბუფონის წამი

ჯანლუიჯის ამბავი სულ სხვანაირია... ის ამ სიაში ერთადერთია, ვინც კარიერას, შეიძლება ითქვას, დასრულების შემდეგაც აგრძელებს. მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარე 43 წლის ასაკში, იტალიის სერია B-ში, პარმას შემადგენლობაში აგრძელებს თამაშს.

ბუფონი განსაკუთრებული შემთხვევაა. მას ვერ ვუსაყვედურებთ იმას, რომ კიდევ უფრო მდიდარი და ბედნიერი სიბერისთვის, ბოლო მილიონების გამომუშავებისთვის რჩება ფეხბურთში. ცხადია, მას შეეძლო ფინანსურად უფრო შთამბეჭდავი კონტრაქტების მიღება საზღვარგარეთ, სპორტულად ნაკლებად ამბიციურ ქვეყნებში. მაგრამ, არა!

ბუფონის შემთხვევა, ჩემი აზრით, ყველაზე ნაკლებად უკავშირდება ფულს, ის ანაზღაურების გარეშეც ითამაშებდა. პირადად ჩემთვის, ეს არის ამაღელვებელი, სევდიანი და რომანტიკული ამბავი ადამიანზე, რომელიც დროსთან შეჯიბრების პირობებში ცხოვრებას ცდილობს. ემოციურია იმაზე ფიქრი, როგორ ცდილობს ჯიჯი ბოლო სასიცოცხლო ძალების მობილიზებას დროსთან კონკურენციისთვის. დიახ, ჯიჯი ჩემთვის დროსთან ჭიდილის, მეტოქეობის ნათელი მაგალითია და მისი მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაძლოს მოედანზე.

ბუფონის თავგანწირვა, გააგრძელოს, უსასრულოდ გააჭიანუროს და გაწელოს თავისი წასვლის სულ ერთი წამი, ჩემში მხოლოდ აღფრთოვანების და აღტაცების ემოციებს აღძრავს. მიდი, ჯიჯი! იქამდე, სანამ გსურს. სურვილი ხომ იქამდეა ნამდვილი, სანამ მისი ძალა რაციონალური კანონებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს.

ლექსო დორეული
ფილოსოფოსი, ლიტერატურისმცოდნე, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი და ჟურნალ "არილის" რედაქტორი. ტურინის იუვენტუსის გულშემატკივარი. ძაღლს ჟოზე დაარქვა, ოღონდ არა მოურინიოს, არამედ სარამაგუს გამო. თუმცა ტაქტიკური ფეხბურთი უყვარს.

კომენტარები

ბოლო ამბები