Thumbnail

'ქეცბაიას ყველაზე ცუდი ანორთოსისი' - კვიპროსში ქართველ მწვრთნელს აკრიტიკებენ 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

29 ოქტომბერს თემურ ქეცბაიას ანორთოსისს კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-8 ტურში დერბი ელის, სტუმრად ომონიასთან, რომელსაც მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი ჰენინგ ბერგი წვრთნის. ომონიასთან დაპირისპირება ყოველთვის მოვლენაა ანორთოსისისთვის, თუმცა ახლა ორივე კლუბი ცუდად თამაშობს - ომონიას 7 ქულა აქვს და მეცხრეა, ხოლო ანორთოსისს 6 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა.

სხვათა შორის, ისტორია ნორვეგიელი სპეციალისტის სასარგებლოდ მეტყველებს, რაც ბერგია ომონიას სათავეში, ქეცბაიას მატჩი არ მოუგია მისთვის - 3 ფრე და 4 წაგება. 

კვიპროსული Goal.com.cy წერს, რომ დღევანდელი ანორთოსისი ყველაზე ცუდია თემურ ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ამ კლუბში. საწყისი 6 ტურის შემდეგ ქეცბაიას ანორთოსისს არასდროს ქჰონია ქულები ერთციფრიანი მნიშვნელობით. ქართველის გუნდს კი 6 თამაშიდან ამდენივე ქულა აქვს. არადა, 53 წლის სპეციალისტს ფამაგუსტას გუნდი 8 სეზონის განმავლობაში გაუწვრთნია. 

ანორთოსისი ქეცბაიას ხელში პირველი 6 ტურის შემდეგ

2004/05 - 14 ქულა
2005/06 - 12
2006/07 - 10
2007/08 - 14
2008/09 - 13
2019/20 - 12
2020/21 - 13
2021/22 - 6

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ანორთოსისში სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს: გიორგი ლორია, ნიკა ნინუა (იჯარით პაოკ-იდან) და ნიკა კაჭარავა. 

კომენტარები

ბოლო ამბები