Thumbnail

ხელბურთი | საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ხელბურთელები ამხანაგურ მატჩში რუმინეთსაც შეხვდებიან
  • მთავარმა მწვრთნელმა სანდუ ფლორინ იაკობმა 16 მოთამაშე შეარჩია

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს: 30 ოქტომბერს გუნდი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში შეიკრიბება, სადაც სავარჯიშო პროცესს გაივლის და 2 ნოემბერს მასპინძლებს ამხანაგურ მატჩში შეხვდება.

რუმინული შეკრების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ფინეთს ეწვევა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 ჯგუფის მატჩებია დაგეგმილი. ქართველი ხელბურთელების მეტოქეები დიდი ბრიტანეთი (5 ნოემბერი), ფინეთი (6 ნოემბერი) და ესტონეთი (7 ნოემბერი) იქნებიან. ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.

საქართველოს ნაკრების რუმინელმა მთავარმა მწვრთნელმა სანდუ ფლორინ იაკობმა შეკრებაზე 16 ხელბურთელს უხმო. აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო ნაკრებს ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე დააკლდება, თუმცა, გუნდს დაუბრუნდნენ ნიკოლოზ კალანდაძე და რატი მსხვილიძე. ცნობისთვის, გუნდში 11 ლეგიონერია, 5 ხელბურთელი კი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი სანდუ ფლორინ იაკობი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისში ერთა თასი (IHF/EHF Trophy 2021) მოიგო. ფინალში გუნდმა კვიპროსი 32:18 დაამარცხა. ამით ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ასპარეზობის უფლება მიიღო. ფინალში გიორგი ცხოვრებაძემ 11 გოლი გაიტანა.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქე ფინეთი იქნება. თუ ჩვენი გუნდი ამ ბარიერს გაივლის, ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში გადაინაცვლებს, ფინალურ ეტაპზე კი 4-გუნდიანი გუნდიდან 2-2 გადის, ასევე - ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი. ევროპის ჩემპიონატი 2024 წელს გერმანიაში გაიმართება. 

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები

მეკარეები: გიგა ტორონჯაძე (ბსბ), ზურაბ ცინცაძე (პრილეპი, ჩრდ. მაკედონია).

მოედნის მოთამაშეები: ხაზეინ რუსტამოვი, რევაზ ჭანტურია, მირიან გავაშელიშვილი (ყველა – პრილეპი, ჩრდ. მაკედონია), გიორგი დიხამინჯია (ლიუბენაუ, გერმანია), რატი მსხვილიძე (ტრაბზონი, თურქეთი), ერეკლე არსენაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ირაკლი ჩიქოვანი (კონსტანცა, რუმინეთი), თეიმურაზ ორჯონიკიძე (ბაკაუ, რუმინეთი), ნიკოლოზ კალანდაძე (შამბერი, საფრანგეთი), ირაკლი კბილაშვილი (სუჩავა, რუმინეთი), ზურაბ აბრამიშვილი, ირაკლი გოგოლაძე, უჩა მაისურაძე (ყველ – ბსბ), ზურაბ სიმონია (ქუთაისი). 

კომენტარები

ბოლო ამბები