Thumbnail
  • ტორონტო რეპტორსი 108:111 ჩიკაგო ბულსი
  • დეროზანი და ლავინი საუკეთესოები იყვნენ

ასეთი ამბავი მაიკლ ჯორდანის ერის შემდეგ აღარ მომხდარა!

1996/97 წლების სეზონის შემდეგ ჩიკაგომ სეზონი ზედიზედ 4 გამარჯვებით დაიწყო. 4-0 სეზონის სტარტზე ისეთი შედეგია, როგორიც ბულსს MJ-ის მერე აღარ ჰქონია. ბილი დონოვანის გუნდმა მე-4 მატჩი ტორონტო რეპტორსს მოუგო, თუმცა ეს გამარჯვება ადვილი არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ იყო მომენტი, როცა 20 ქულითაც კი იგებდა, ჩიკაგომ გამარჯვება კინაღამ ხელიდან გაუშვა, მაგრამ მერე იყო დემარ დეროზანის ბრინწყვალე თამაში და ის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ბრძოლაში Crunch Time-ის გმირი გახდა.

დეროზანი 26 ქულით საუკეთესო იყო

ტორონტოს ყოფილმა ვარსკვლავმა 26 ქულა დააგროვა (პლუს 6 პასი) და აქედან 11 ბოლო მეოთხედში ჩააგდო - მათ შორის, ბულსის ბოლო 5 ქულიდან 4 სწორედ მისი იყო. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ ჩიკაგოელებმა თვითონვე გაირთულეს საქმე უაზრო დაკარგვებით. ერთ-ერთი ასეთი დაკარგვა საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე ჰქონდათ, რასაც სკოტი ბარნსის ეფექტური ჩატენვა მოჰყვა, რითაც ტორონტომ ჩამორჩენა -2 ქულამდე შეამცირა.

მერე ნიკოლა ვუჩევიჩმა ორი საჯარიმოდან მხოლოდ ერთი გამოიყენა, ფრედ ვანვლიტმა კი სამქულიანი არაზუსტად ისროლა და ანგარიშის გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვა. ამ უკანასკნელმა ჯამში 15 ქულა დააგროვა და კარიერაში ყველაზე მეტი, 17 პასი გააკეთა, თუმცა 8 დაკარგვაც ჰქონდა. ტორონტოს ქამბექის მცდელობაში დიდი წვლილი მიუძღვის ო ჯი ანუნობის, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო, გარი ტრენტ უმცროსის ანგარიშზე კი 18 ქულაა. აიზეკ ბონგას არ უთამაშია.

ჩიკაგოში, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია, დეროზანს ყველაზე მეტად ზაკ ლავინი დაეხმარა (22 ქულა, 5 ასისტი). 10 ქულას გადაცდნენ ვუჩევიჩი (17), ლონზო ბოლი (15) და ტროი ბრაუნიც (11). ლავინმა ამ შეხვედრაში 3 სამქულიანი ჩააგდო და ბულსის ისტორიაში სამიანების რაოდენობით უკვე მე-4 ადგილზეა - ჯორდანს გადაასწრო...

ამრიგად, 4 მატჩის შემდეგ ჩიკაგოს ოთხივე მოგებული აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციას ერთპიროვნულად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი დონოვანის გუნდი 29 ოქტომბერს, ნიუ იორკ ნიქსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები