Thumbnail

NBA-ში პირველად ვიხილეთ გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის დაპირისპირება - გოგას ინდიანა პეისერსმა NBA-ის ჩემპიონ მილუოკი ბაქსს უმასპინძლა, რომლის ახალწვეულიც სანდროა. თუ სანდრო მამუკელაშვილი კარიერაში მე-4 მატჩს თამაშობდა მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში, ბითაძისთვის ეს სეზონში პირველი, კარიერაში კი საიუბილეო, მე-100 მატჩი იყო. 119:109 გამარჯვება მილუოკიმ იზეიმა. 

გოგა იანისის წინააღმდეგ

გოგა ბითაძემ 17:50 წუთი ითამაშა - მან 7 ქულა ჩააგდო (5-დან 1 ორქულიანი, 1 სამქულიანი 3-დან, ორივე საჯარიმო). გოგამ 9-ჯერ მოხსნა ბურთი, აქედან 7-ჯერ მეტოქის ფარზე. მოხსნების რიცხვით მარტო დომანტას საბონისს ჩამორჩა, ხოლო მეტოქის ფარზე მოხსნებით არათუ მატჩში საუკეთესო იყო, არამედ, საკუთარი რეკორდიც დაამყარა, რომელიც აქამდე 4-ის ტოლი იყო. გოგას ანგარიშზეა 1 პასი და 2 ჩაჭრაც, მან 2-ჯერ დაკარგა ბურთი და 5 პერსონალური მიიღო. მათ შორის ტექნიკური ბოლო მეოთხედში ჯორჯ ჰილთან კინკლაობაში.

გამარჯვებულთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა 9:53 წუთი ითამაშა, მან 2 ქულა ჩააგდო (1-დან 1 ორქულიანი, 1 სამქულიანი ააცილა) და ბურთი 3-ჯერ მოხსნა. სანდროს ბურთი არ დაუკარგავს და არც პერსონალური მიუღია, რაც ასე ხშირია ახალბედებში. 

ეს იყო ქართველ კალათბურთელთა პირველი დაპირისპირება NBA-ში 2014 წლის 4 აპრილის შემდეგ. მაშინ ზაზა ფაჩულიას (13 ქულა) მილუოკი თორნიკე შენგელიას (უქულოდ, სულ რამდენიმე წამი ითამაშა) ჩიკაგოს შეხვდა.

გამარჯვებულთა რიგებში იანის ანტეტოკუნმპომ 30 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი მიითვალა, მას მხოლოდ 1 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. 27 ქულა ჩააგდო კრის მიდლტონმა (7 პასით), გრეისონ ალენსი ანგარიშზე 19 ქულაა. ინდიანას რიგებში ყველაზე მეტი მალკოლმ ბროგდონმა ჩააგდო - 25 ქულა. საბონისის ანგარიშზე 21 ქულა და 13 მოხსნაა. 18 ქულა დაუგროვდა ახალბედა კრის დუარტეს.

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები