Thumbnail

'თითქოს, ყველაფერს თავიდან ვსწავლობ' - ანდრონიკაშვილი NCAA-ს სეზონის წინ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

NCAA-ის მორიგი სეზონისთვის კოლეჯთა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის, კრეიტონის გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილიც ემზადება. 20 წლის კალათბურთელისთვის პირველი სეზონი "ბიგ ისტის" კონფერენციაში (რომლის საუკეთესო მოთამაშეც სანდრო მამუკელაშვილი გახდა 2020/21 წლების სეზონში) შარშან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ სეზონის წინ რატიმ მძიმე ტრავმა (ACL) მიიღო და მხოლოდ რამდენიმე კვირაა, რაც ვარჯიში განაახლა. 

სხვათა შორის, ისე მოხდა, რომ კრეიტონში გასული სეზონის წინ მსგავსი ტრავმა მიიღო ბალტიელმა მოდესტას კანცლერისმა. ასე რომ, ლიეტუველი და ქართველი კოლეჯთა ლიგაში პირველ ნაბიჯებს წლეულს დგამენ. 

რატი ანდრონიკაშვილი (კრეიტონი): "დღეებს ვითვლიდი. ნოემბერში 21 თვე გახდება, რაც კალათბურთი არ მითამაშია! ამაზე დაფიქრებაც კი შემაშფოთებელია. გეგონება, თავიდან ვსწავლობ კალათბურთს. შესაძლოა, ცუდ რამეს ვამბობ, სხვას როგორ შეიძლება ცუდი უსურვო, მაგრამ სადღაც გამიმართლა, რომ ჩემს დღეში სხვაც აღმოჩნდა. ყველაფერი, რაც შევძელით, ორივემ ერთად გავაკეთეთ. ჩვენ ეს დამღლელი პროცესი ერთად გავიარეთ. ყოველი მკურნალობის კურსი, ყოველი ვარჯიში. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად დავიბრუნებთ თავდაჯერებას, რაც ტრავმებამდე გაგვაჩნდა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულია, შემდეგ კი აღარ გავჩერდებით".

კრეიტონს პირველი თამაში 30 ოქტომბერს აქვს აფერ აიოვასთან - ეს საგამოფენო შეხვედრაა. სეზონი კი 9 ნოემბერს იწყება არასაკონფერენციო მატჩით არკანზასთან. "ბიგ ისტის" კონფერენციაში პირველ დაპირისპირებას კრეიტონი აიოვა სტეიტთან 4 დეკემბერს გამართავს. კრეიტონის ლიდერი მარკუს ზეგაროვსკი 2021 წლის დრაფტზე ბრუკლინ ნეტსმა 49-ე ნომრად აირჩია. 

კომენტარები

ბოლო ამბები