Thumbnail

26 ოქტომბერს (თბილისის დროით, 03:00-ზე) NBA-ში ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო დაპირისპირებაა - გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი ასოციაციის ჩემპიონს, სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსს მასპინძლობს. სეზონი განსხვავებულად დაიწყო ქართველი ლეგიონერებისთვის - ველოდით, რომ გოგას სათამაშო წუთები მოემატებოდა, მაგრამ სამი თამაში გავიდა და რიკ კარლაილს ის ჯერ ერთი წუთითაც არ გამოუყვანია. სამაგიეროდ, სანდრომ ბაქსის სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაიამისთან 12 ქულა და 4 მოხსნაც მიითვალა.

ინდიანას 3-დან 1 მოგება აქვს, მილუოკის - 2. პეისერსს კარის ლევერტი, ტი ჯეი უორენი და კელან მარტინი აკლია. ზურგის ტრავმის გამო ზედიზედ მესამე მატჩს გამოტოვებს ბაქსის ცენტრი ბრუკ ლოპესი. გამორიცხულია დონტე დივინჩენცოსა და სემი ოჯელეიეს თამაშიც. აი, ბობი პორტისს კი პირველად აქვს შანსი, რომ მოედანზე ვიხილოთ, რაც, რა თქმა უნდა, სანდროს შანსებს ამცირებს. თუ გოგა ითამაშებს, ეს მის კარიერაში მე-100 მატჩი იქნება NBA-ში, მამუკელაშვილისთვის კი - მეოთხე. 

სხვათა შორის, ეს სანდროსა და გოგას პირველი დაპირისპირება სულაც არ იქნება - ამ ორი კალათბურთელის გზები ჯერ კიდევ 2015 წელს გადაიკვეთა. რომში, სადაც ADIDAS Next Generation ტურნირის რეგიონალური ფინალი გაიმართა ევროლიგის ეგიდით. ფინალში რომაული სტელაძურა და სერბული მეგა ლეკსი გავიდნენ. პირველის ღირსებას სანდრო მამუკელაშვილი იცავდა, მეგა ლეკსში კი გოგა ბითაძე თამაშობდა. ფინალში ორქულიანი სხვაობით ბითაძის მეგა ლეკსმა გაიმარჯვა - 73:71 და ძირითადი ტურნირის საგზურიც მოიპოვა. მართალია, გამარჯვება გოგას გუნდს დარჩა, მაგრამ ორ ქართველში სანდრომ უფრო ეფექტურად ითამაშა - ის სტელაძურას სასტარტოში იყო და 24:38 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მეტი ვერ ითამაშა, რადგან 5 პერსონალური შენიშვნა მიიღო. ბითაძე სათადარიგო იყო, 15:08 წუთში ქართველმა 5 ქულა, 4 მოხსნა, 2-2 დაფარება და ჩაჭრა, ასევე 1 პასი მიითვალა. 

სავარაუდო ხუთეულები

ინდიანა: მალკოლმ ბროგდონი, კრის დუარტე - ჯასტინ ჰოლიდეი - დომანტას საბონისი, მაილს ტერნერი

მილუოკი: ჯრუ ჰოლიდეი, გრეისონ ალენი - კრის მიდლტონი, პეტ კონატინი, იანის ანტეტოკუნმპო 

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები