Thumbnail
  • U17 | უნგრეთი 0:1 საქართველო | გოლი: 0:1 ნარიმანიძე (86)
  • გიორგი ჩიტაურის გუნდს გადამწყვეტი მატჩი ესტონეთთან ელის

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდთან ძალიან ახლოსაა. გიორგი ჩიტაურის გუნდმა შესარჩევი ეტაპის მე-4 ჯგუფის მე-2 ტურში უნგრეთის 17-წლამდე ნაკრები 1:0 დაამარცხა.

ჯგუფში საქართველოსა და უნგრეთის გარდა, ისლანდია და ესტონეთიც არიან, მატჩები კი უნგრეთში იმართება. ქართველმა ფეხბურთელებმა პირველ ტურში ისლანდიასთან ფრის (1:1) შემდეგ უნგრელთა ძლევა მისსავე მოედანზე მოახერხეს.

მცირე უპირატესობას მეტოქე ფლობდა, მაგრამ ჩიტაურის შეგირდებმა დაცვაში ძალიან კარგად ითამაშეს. გამორჩეული იყო მეკარე სოსო კოპალიანიც. საქართველოს ნაკრებმა გამარჯვების გოლი 86-ე წუთზე გაიტანა. ლუკა პარკაძემ სტანდარტი შეასრულა, საჯარიმოში ყველას მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ აჯობა და თავით გაიტანა. დარჩენილ დროში უნგრელებს გათანაბრება შეეძლოთ, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე კოპალიანმა შესანიშნავი სეივი მიითვალა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

საქართველოს ნაკრებს 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. 3-3 ქულა გააჩნიათ უნგრეთსა და ესტონეთს (რომელმაც მე-2 ტურში ისლანდიას 2:1 მოუგო), ხოლო ისლანდია ერთადერთი ქულით ბოლო ადგილზეა. დასკვნით ტურში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 28 ოქტომბერს ესტონეთს შეხვდება და ხელს ფრეც აძლევს, უნგრეთი კი ისლანდიას უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში ორი მოწინავე და პლუს ამას მთლიანად შესარჩევი ციკლიდან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებს.

U17 | უნგრეთი 0:1 საქართველო

გოლი: 0:1 ნარიმანიძე (86)

საქართველო (4-5-1): კოპალიანი - სადღობელაშვილი, ხარჩილავა, გობეშია, ნარიმანიძე - ცეცხლაძე (68. პარკინაშვილი, 90. ბასილაძე), ალიბეგაშვილი, სიგუა, ციკოლია, ტაბატაძე (90. ხაჩიძე) - ფარცვანია (68. პარკაძე, 90. გიუნაშვილი)

კომენტარები

ბოლო ამბები