Thumbnail

ტრავმა ელ კლასიკოში - ბარსელონას ფრენკი დე იონგი გამოაკლდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 24 წლის ნიდერლანდელმა ელ კლასიკოში ტრავმა მიიღო
  • ბარსელონას ნახევარმცველს მუხლის მყესი აქვს დაჭიმული
  • ფრენკი დე იონგი გუნდს ახლო მომავალში ვერ დაეხმარება

ბარსელონას ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი გუნდს უახლოეს პერიოდში ვერ დაეხმარება. კატალონიური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა დაზიანებიანება რეალთან გამართულ ლა ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში მიიღო. 

ბარსელონამ "კამპ ნოუზე" "ელ კლასიკო" ანგარიშით 1:2 წააგო, 24 წლის ნახევარმცველი კი, რომელმაც თამაში მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, 77-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. 

მოგვიანებით ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ფრენკი დე იონგს მუხლის არეში მყესი აქვს დაჭიმული, რის გამოც გარკვეული პერიოდი ვერ ითამაშებს. ზუსტად რამდენი გაუცდება ბარსელონას ნახევარმცველს, უცნობია და მისი დაბრუნების ვადა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება აღდგენის პროცესი. 

ესპანელი ჟურნალისტების ვარაუდით, დე იონგს დასვენება დაახლოებით 10 დღე მოუწევს. ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელი კატალონიურ გუნდს ლა ლიგაში რაიო ვალეკანოსა (27 ოქტომბერს) და ალავესთან (30 ოქტომბერს) მატჩებში ვერ დაეხმარება, ჩემპიონთა ლიგაში კი - კიევის დინამოსთან დაპირისპირებაში (3 ნოემბერს).

ლა ლიგაში ჩატარებული 9 მატჩის შემდეგ, რონალდ კუმანის გუნდს 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრიულში მე-9 ადგილზეა. ფრენკი დე იონგმა ესპანეთის ჩემპიონატის 8 შეხვედრაში ითამაშა და 2 საგოლე პასით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები