Thumbnail
  • იოზუა კიმიხის ამბავს გერმანიაში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა
  • როგორც ირკვევა, ბაიერნის ლიდერი ტრადიციულ ვაქცინას ელის

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ იოზუა კიმიხი ჯერაც არ აცრილა და ახლო მომავალში ამას არც აპირებს, მთელი საფეხბურთო გერმანია ამაზე ლაპარაკობს.

მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების 26 წლის ლიდერი ბევრისთვის სამაგალითო ადამიანია, რის გამოც მისი აუცრელობა ზოგადად დიდ პრობლემას წარმოადგენს. თანაც, კიმიხი ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი იყო, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო და ლეონ გორეტცკასთან ერთად ინიციატივა WeKick-Corona-ს ჩაუდგა სათავეში. პარასკევს “ბილდი” წერდა, რომ კიმიხი არ იცრება, რასაც გერმანიაში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა კი, ბაიერნის ნახევარმცველმა განმარტა, რატომ ამბობს ვაქცინაზე უარს.

კითხვაზე, რატომ არ არის აცრილი, კიმიხმა Sky-ს ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა: “იმიტომ, რომ მინდა, დაველოდო. ხანგრძლივვადიანი კვლევების შედეგებს ველოდები. ვფიქრობ, ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც კითხვები აქვს და მოცდას ამჯობინებს. მიმაჩნია, რომ მათ აზრს პატივი უნდა ვცეთ. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ შესაძლოა, ახლო მომავალში მეც გავიკეთო.”

კიმიხი კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი ხანია, აქტიურადაა ჩართული, აცრაზე კი ჯერჯერობით უარს ამბობს

რა სახის კვლევების შედეგებს ელოდება კიმიხი და როდის აპირებს ვაქცინის გაკეთებას? ამ კითხვაზე “ბილდის” გადაცემა Bayern Insider-ში გასცეს პასუხი. როგორც ირკვევა, კიმიხი გერმანიაში ე.წ. ძველი სტილის ვაქცინის დაშვებას ელოდება და იმედი აქვს, რომ ეს მალე მოხდება.

მედიის ცნობით, გერმანიაში ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინები 2022 წლიდან უნდა დაუშვან. ცნობისათვის, საქართველოში ორი ასეთი ვაქცინით ადამიანები უკვე დიდი ხანია, იცრებიან - ვგულისხმობთ “სინოფარმსა” და “სინოვაკს”. ეს ინაქტივირებული ვაქცინებია, ანუ შეიცავს კორონავირუსის გამომწვევ დახოცილ მიკრობებს, რომელიც შეჰყავთ ორგანიზმში. ეს საკმარისია სხეულისთვის, რომ ისწავლოს ვირუსთან ბრძოლა, რა დროსაც გამომუშავდება ანტისხეულები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში ვირუსის შეხვედრისას ორგანიზმმა უკვე იცის როგორ ებრძოლოს მას. კიმიხი სწორედ ასეთი ტიპის ვაქცინას ელის. შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ადამიანების აცრის პროცესი აქამდე ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი ვაქცინებით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ბაიერნის სხვა ფეხბურთელები კიმიხს ღიად არ აკრიტიკებენ, თუმცა ამბობენ, რომ ვაქცინაცია ყველასათვის აუცილებელია. “ეს ეთიკურ-მორალური დისკუსიაა. პირადად მე ვაქცინაციის მომხრე ვარ და იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელები, რომლებიც ჯერაც არ აცრილან, დაფიქრდებიან და გადაწყვეტილებას მალე შეცვლიან.” - ეს თომას მიულერის სიტყვებია.

მიულერს იმედი აქვს, რომ კიმიხი გადაწყვეტილებას მალე შეცვლის

თავად კიმიხი ანტივაქსერობას უარყოფს და ამბობს, რომ მხოლოდ მოცდას ამჯობინებს. ფაქტია, რომ მასთან ერთად, ბაიერნის კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა თქვა უარი ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი ვაქცინაციის გაკეთებაზე.

“იოზუა კიმიხი ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ფეხბურთელია. გასაგებია, რომ კვლევების შედეგებს ელის და მოცდას ამჯობინებს, ამის გამო მას ტესტს ყოველ მეორე დღეს ვუკეთებთ, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, რომ აცრილი იყოს.” - აცხადებს მიუნხენური გრანდის ბოსი კარლ-ჰაინც რუმენიგე.

“მხოლოდ იმიტომ, რომ აცრილი არ არის, კიმიხზე არ უნდა ვთქვათ, რომ ცუდი ადამიანია,” - ეს ცნობილი გერმანელი მწვრთნელის, ფელიქს მაგათის სიტყვებია.

ჯანმრთელობის ექსპერტი კარლ ლაუტერბახი: “ცუდია, რომ კიმიხს ვაქცინა არ გაუკეთებია. რთული საკითხია ისიც, რომ ამბობს, მოცდას ვამჯობინებო. მის გადაწყვეტილებას ძალიან დიდი გავლენა აქვს ახალგაზრდებზე, რომლებიც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენენ.”

კიმიხი კი აცხადებს: “პასუხისმგებლობის ამბავი ჩემთვის გასაგებია. ჰიგიენის წესებს ვიცავ და ჩვენ, აუცრელი ფეხბურთელები ყოველ 2-3 დღეში ერთხელ ტესტებს ვიკეთებთ.”

ცნობისათვის: PCR-ტესტების საფასურს იოზუა კიმიხს ბაიერნი უხდის...

კომენტარები

ბოლო ამბები