Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 121:118 მემფის გრიზლისი
  • ორი მარცხის შემდეგ, ლეიკერსმა პირველი გამარჯვება იზეიმა
  • მემფისთან მატჩის გმირი 37 წლის კარმელო ენტონი გახდა

სეზონის ორი მარცხით დაწყების შემდეგ, ლოს ანჯელეს ლეიკერსმა, როგორც იქნა, პირველი თამაში მოიგო.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გოლდენ სტეიტთან და ფინიქსთან დამარცხებამდე ლეიკერსს პრესეზონში ყველა, ექვსივე თამაში წაგებული ჰქონდა, ლოსანჯელესელთა მდგომარეობას უკვე კრიტიკული ეთქმოდა. ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ ხასიათი მემფისთან დრამატულ მატჩში გამარჯვებით (121:118) გამოიკეთეს.

ლებრონმაც (19 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება) და ენტონი დევისმაც (22 ქულა, 8 მოხსნა, 4 დაფარება) სოლიდური თამაში აჩვენეს, მაგრამ მატჩის გმირი 37 წლის კარმელო ენტონი გახდა, რომელიც სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და “სკამიდან” 28 ქულა ჩააგდო - მათ შორის, ორივე საჯარიმო საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე, რითაც მასპინძლებმა მატჩის მოგება მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ მან 8-დან 6 სამქულიანი ჩააგდო.

თუმცა მელო დღის გმირი მხოლოდ ამის გამო არ გამხდარა. საქმე ისაა, რომ კარიერაში 27 423 ქულით მან ყველა დროის რეიტინგში მოზეს მელოუნსაც გადაასწრო და მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

ლეიკერსის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა რასელ ვესტბრუკსაც, რომელმაც 13 ქულას ამდენივე პასი დაამატა. ყველაზე მეტი ქულა კი თამაშში ჯა მორანტმა დააგროვა - 40. მის აქტივში ასევე 10 პასიც იყო (5/7 სამქულიანი). პირველ რიგში მორანტის ეს მომენტი უნდა ნახოთ:

თუმცა მორანტის ბრწყინვალე თამაში მემფისისთვის თამაშის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. ის ერთგვარად მატჩის ტრაგიკული ფიგურაც კი გახდა, რადგან მატჩის მიწურულს ვერ ჩააგდო საჯარიმო, რომლითაც მემფისი ანგარიშს ათანაბრებდა…

საუკეთესო ბომბარდირები NBA-ს ისტორიაში

1. ქარიმ აბდულ-ჯაბარი - 38 387 ქულა

2. კარლ მელოუნი - 36 928 

3. ლებრონ ჯეიმსი - 35 318

4. კობი ბრაიანტი - 33 643 

5. მაიკლ ჯორდანი - 32 292

6. დირკ ნოვიცკი - 31 560 

7. უილტ ჩემბერლენი - 31 419 

8. შაკილ ო’ნილი - 28 596

9. კარმელო ენტონი - 27 423

10. მოზეს მელოუნი - 27 409 

კომენტარები

ბოლო ამბები