Thumbnail

ჯეკოს დიბალამ უპასუხა - ფრე დიდ იტალიურ დერბიში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ინტერი 1:1 იუვენტუსი | გოლები: 1:0 ჯეკო (17), 1:1 დიბალა (89. პენ)
  • იუვეც და ინტერიც ლიდერის პოზიციას დაშორდნენ

იტალიის სერია A-ს მე-9 ტური მილანის გამოდგა. მოწინავე პოზიციაზე მყოფი გუნდებიდან მხოლოდ როსონერიმ მოიგო, ლაციო დამარცხდა, ატალანტამ, რომამ, ნაპოლიმ, ინტერმა და იუვენტუსმა კი ფრე ითამაშეს.

ტური "ჯუზეპე მეაცაზე" დაიხურა, სადაც დიდი იტალიური დერბი შედგა - ინტერი იუვეს წინააღმდეგ. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ თამაშმა მოლოდინი ვერ გაამართლა და გულშემატკივარმა საკმაოდ ჩაკეტილი ფეხბურთი იხილა, თუმცა, ბრძოლა და დაძაბულობა კი იყო.

იუვენტუსმა კარგად დაიწყო და პირველი სახიფათო მომენტიც შექმნა, თუმცა ალვარო მორატას სამირ ჰანდანოვიჩმა აჯობა. ინტერმა კი თავისი პირველივე შანსი გამოიყენა. მე-17 წუთზე ჰაკან ჩალჰანოღლუს შორეული დარტყმა ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ედინ ჯეკომ ცარიელ კარში გაიტანა.

იუვე წაგებისგან დიბალამ გადაარჩინა

სიმონე ინძაგის გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა უპირატესობას. მართალია, მილანურ გრანდს ამის შემდეგ საგოლე მომენტი აღარ შეუქმნია, მაგრამ თავს ძალიან მწყობრად იცავდა და იუვე ვერ ახერხებდა მეტოქის საჯარიმოსთან სიტუაციის დაძაბვას. მიუხედავად ამისა, წონასწორობა მაინც აღადგინა.

89-ე წუთზე დენზელ დუმფრისმა ალექს სანდროს ზედ საჯარიმოს ზღვარზე, ოღონდ შიგნით ფეხში ჩაარტყა. მთავარ მსაჯს ეპიზოდზე ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ მერე საქმეში VAR ჩაერია, არბიტრმაც მომენტი მონიტორზე ნახა და პენალტი დანიშნა. ბურთთან ერთთვიანი პაუზის მერე მოედანზე დაბრუნებული პაულო დიბალა მივიდა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. თამაშიდან გამომდინარე შედეგი ლოგიკური იყო.

ინტერს 18 ქულა აქვს და ლიდერთა დუეტს (ნაპოლი და მილანი) 7 ქულით ჩამორჩება, ხოლო იუვენტუსს იქამდე 10 ქულა აშორებს, რადგან მხოლოდ 15 ქულა გააჩნია.

საინტერესო ფაქტები

⚽ პაულო დიბალა იუვენტუსის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სამქულიან ერაში (1994 წლიდან) ინტერს ზედიზედ სამ მატჩში გოლი გაუტანა.

⚽ დიბალამ სერია A-ში 20 პენალტიდან 18 გაიტანა.

⚽ ედინ ჯეკომ ბოლო 4 საშინაო მატჩში 5 გოლი გაიტანა , სამქულიან ერაში (1994 წლიდან) ინტერში უკეთესი შედეგი (6 გოლი) მხოლოდ მაურო იკარდის (2017/18) და მარკო ბრანკას (1995/96) ჰქონიათ.

ინტერი 1:1 იუვენტუსი

გოლები: 1:0 ჯეკო (17), 1:1 დიბალა (89. პენ)

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი - დარმიანი, ბარელა (90. ვესინო), ბროჟოვიჩი, ჩალჰანოღლუ (62. გალიარდინი), პერიშიჩი (72. დუმფრისი) - ლაუტარო მარტინესი (72. სანჩესი), ჯეკო.

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - დანილო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - კუადრადო (65. დიბალა), მაკკენი (83. არტური), ლოკატელი (83. კაიო ჟორჟე), ბერნარდესკი (18. ბენტანკური) - კულუშევსკი (65. კიეზა), მორატა.

კომენტარები

ბოლო ამბები