Thumbnail
  • მანჩესტერი 0:5 ლივერპული
  • გოლები: 0:1 კეიტა (5), 0:2 ჟოტა (13), 0:3 სალაჰი (38), 0:4 სალაჰი (45), 0:5 სალაჰი (50)

დიდი ალბათობით, მანჩესტერ იუნაიტედში ოლე გუნარ სულშერის დრო იწურება. ნორვეგიელი სპეციალისტს გათავისუფლების შანსები გაცილებით გაიზარდა მას მერე, რაც მისი გუნდი ოლდ ტრაფორდზე ლივერპულთან შერცხვა.

ბევრი ფიქრობდა, რომ იურგენ კლოპის გუნდი "ოცნებათა თეატრში" მოიგებდა, მაგრამ იმას, რაც მოხდა, ძნელად თუ ვინმე წარმოედგინა. მერსისაიდელებმა საძულველ მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანეს! მატჩის ბედი დიდწილად საწყის 13 წუთში გადაწყდა, როცა ნაბი კეიტამ და დიოგო ჟოტამ ორჯერ გაუტანეს დავიდ დე ხეას და აშკარა გახდა, რომ იუნაიტედს გადარჩენა ძალიან გაუჭირდებოდა.

სალაჰს ზედიზედ 10 მატჩია მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია

მერე უკვე ერთი კაცის ბენეფისი დადგა და მას მოჰამედ სალაჰი ჰქვია. ეგვიპტელმა ფეხბურთელმა ზედიზედ მე-10 მატჩში გაიტანა, თანაც, ამჯერად, ჰეთ-თრიკი შეასრულა! სალაჰი უბრალოდ საოცარ ფორმაშია და ყოველ მატჩში ამყარებს კლოპის სიტყვებს. იურგენმა რამდენიმე დღის წინ თქვა - მო მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეაო.

მანჩესტერმა პირველი ტაიმი 0:4 წააგო, რაც პრემიერლიგის ისტორიაში პირველად დაემართა, ხოლო მე-2 ტაიმის დასაწყისშივე სალაჰმა მესამედ გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. სულ მალე პოლ პოგბამ წითელი ბარათი მიიღო და მასპინძელთა მდგომარეობა უფრო დამძიმდა, მაგრამ ლივერპულმა ბოლო ნახევარ საათში თამაში დაამშვიდა და "მხოლოდ" 5:0-ს დასჯერდა.

ლივერპულს 9 ტურის შემდეგ 21 ქულა მოუგროვდა და ლიდერ ლონდონის ჩელსის ერთადერთი ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგაში წაუგებელი მხოლოდ იურგენ კლოპის გუნდია. მანჩესტერ იუნაიტედმა კი ინგლისის ჩემპიონატში ბოლო 4 მატჩში მესამედ წააგო (1 ფრე) და 14 ქულით მხოლოდ მე-7 ადგილზეა.

საინტერესო ფაქტები

⚽ პრემიერლიგის ისტორიაში მანჩესტერისა და ლივერპულის დაპირისპირებაში უკვე 17 წითელი ბარათია ნაჩვენები. ამაზე მეტი გაძევება (22) მხოლოდ ევერტონი-ლივერპულის მატჩებშია დაფიქსირებული.

⚽ მოჰამედ სალაჰი პირველი სტუმარი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო 18 წლის განმავლობაში ოლდ ტრაფორდზე ჰეთ-თრიკი შეასრულა. ბოლოს ეს 2003 წლის აპრილში რეალის მაისურით ბრაზილიელმა რონალდომ მოახერხა.

⚽ მოჰამედ სალაჰს პრემიერლიგაში 106 გოლი დაუგროვდა, რაც აფრიკელ ფეხბურთელებში საუკეთესო შედეგია. ეგვიპტელმა დიდიე დროგბას გადაასწრო (104 გოლი).

⚽ მანჩესტერმა პრემიერლიგაში პირველად წააგო პირველი ტაიმი 4-ბურთიანი ჩამორჩენით.

⚽ მომო სალაჰი ლივერპულის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მანჩესტერს ზედიზედ სამ საგარეო მატჩში გოლი გაუტანა.

⚽ მხოლოდ დანიელ სტარიჯს (8, 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის თებერვლამდე) აქვს ლივერპულის რიგებში ზედიზედ უფრო მეტ მატჩში გოლი გატანილი პრემიერლიგაში, ვიდრე - სალაჰს (7-მატჩიანი სერია).

⚽ ნაბი კეიტამ ლივერპულის ფეხბურთელებს შორის ოლდ ტრაფორდზე ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა (04:42 წუთი).

⚽ ლივერპული მხოლოდ მეორე გუნდია ინგლისის უმაღლეს დივიზიონში, რომელმაც ზედიზედ ორი საგარეო მატჩი მოიგო ხუთბურთიანი უპირატესობით გოლის გაშვების გარეშე (უოტფორდთან და მანჩესტერთან 5:0). პირველად ეს 1960 წელს მანჩესტერ იუნაიტედმა გააკეთა.

⚽ სალაჰმა ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ მე-10 მატჩში გაიტანა და 2017/18 წლების შემდეგ მხოლოდ მე-4 ფეხბურთელია, რომელსაც მსგავსი სერია აქვს კრიშტიანო რონალდოს, დუვან საპატასა და რობერტ ლევანდოვსკის შემდეგ.

მანჩესტერი 0:5 ლივერპული

გოლები: 0:1 კეიტა (5), 0:2 ჟოტა (13), 0:3 სალაჰი (38), 0:4 სალაჰი (45), 0:5 სალაჰი (50)

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვან-ბისაკა, ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ - მაკტომინეი, ფრედი - გრინვუდი (46. პოგბა), ფერნანდეში (62. კავანი), რაშფორდი (62. დალო) - რონალდო.

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი - კეიტა (64. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ჰენდერსონი, მილნერი (27. ჯონსი) - სალაჰი, ფირმინო (76. მანე), ჟოტა.

კომენტარები

ბოლო ამბები