Thumbnail

U17 | ფრე ისლანდიასთან - საქართველოს ნაკრებმა ევრო 2022-ის შესარჩევი ეტაპი დაიწყო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • U17 | საქართველო 1:1 ისლანდია
  • გოლები: 1:0 ალიბეგაშვილი (41), 1:1 გუდიონსენი (81)
  • გიორგი ჩიტაურის გუნდი ჯგუფში კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა. გიორგი ჩიტაურის გუნდი მე-4 ჯგუფშია, რომელსაც უნგრეთი მასპინძლობს.

ქართველი ფეხბურთელები პირველ ტურში ისლანდიას დაუპირისპირდნენ და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. საქართველოს ნაკრები 41-ე წუთზე თენგო ალიბეგაშვილმა დააწინაურა, რომელსაც საგოლე გადაცემა ლუკა პარკაძემ გაუკეთა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ მათ ანგარიშის გახსნა მანამდეც შეეძლოთ, მაგრამ 32-ე წუთზე გიორგი ტაბატაძემ პენალტი ვერ გაიტანა.

მე-2 ტაიმში ჩიტაურის გუნდს საქმე გამარჯვებამდე მიჰყავდა, მაგრამ ბოლოს უპირატესობა ხელიდან გაუშვა. ისლანდიელებმა წონასწორობა 81-ე წუთზე დანიელ ტრისტან გუდიონსენის გოლით აღადგინეს და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. ამგვარად, საკვალიფიკაციო ეტაპი ფრით დაიწყო, წინ კი, კიდევ ორი თამაშია. ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში ორი მოწინავე გუნდი და პლუს ამას მთლიანად შესარჩევი ციკლიდან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებს.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს, მასპინძელ უნგრეთთან ჩაატარებს, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 28 ოქტომბერს, ესტონეთის 17-წლამდე ნაკრებთან მატჩით დაასრულებს. მე-4 ჯგუფის პირველი ტურის მე-2 თამაშში მასპინძელმა უნგრეთმა ესტონეთს იოლად, 3:0 მოუგო.

U17 | საქართველო 1:1 ისლანდია

გოლები: 1:0 ალიბეგაშვილი (41), 1:1 გუდიონსენი (81)

საქართველო (4-4-2): კოპალიანი - სადღობელაშვილი, გობეშია, ხარჩილავა, ნარიმანიძე - ცეცხლაძე (74. ხაჩიძე), ალიბეგაშვილი, სიგუა, ტაბატაძე (88. ბასილაძე) - პარკინაშვილი, პარკაძე (82. კარაევი)

კომენტარები

ბოლო ამბები