Thumbnail

'ეს არაჩვეულებრივი მატჩია' - ანჩელოტი კლასიკოსთვის მზადების საკუთარ მეთოდზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კვირას, ლა ლიგის მე-10 ტურში ბარსელონა მადრიდის რეალს უმასპინძლებს
  • მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა მომავალი მატჩის სამზადისზე ისაუბრა
  • იტალიელი სპეციალისტის აზრით, კატალონიელები კრიზისიდან გამოდიან

კვირას სეზონის პირველი "ელ კლასიკოა". ლა ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში ბარსელონა მადრიდის რეალს უმასპინძლებს. თამაშის წინ მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კლუბის პრესსამსახურს მომავალი დაპირსიპირების მნიშვნელობასა და მატჩის სამზადისზე ესაუბრა.

"რეალი-ბარსელონა ესპანეთისთვის გამორჩეული მატჩია და განსაკუთრებულია ფანებისთვის. ეს არ არის ჩვეულებრივი თამაში. მზადების ჩემი მეთოდი მაქსიმალური სიმშვიდე და მაქსიმალური კონცენტრაციაა. მომწონს ყველა ფეხბურთელის დამოკიდებულება საქმისადმი და ამას ყოველ ვარჯიშზე ვხედავ - გუნდი მობილიზებულია. შახტართან საუკეთესოდ ვითამაშეთ და ყველაფერი გამოგვივიდა. ასევე უნდა გავაგრძელოთ.

ვფიქრობ, კარვახალი და აზარი მწყობრში ჩადგებიან. გვაქვს დრო იმისათვის, რათა მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ როგორც ფიზიკური, ისე ტაქტიკური თვალსაზრისით. ჩვენმა ფეხბურთელებმა უკვე იციან, რას ნიშნავს ასეთ მატჩში თამაში", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

ანჩელოტი თავისი ფეხბურთელების ვარჯიშითა და თამაშით კმაყოფილია

კარლო ანჩელოტი ფიქრობს, რომ კატალონიური გუნდი, რომელსაც სეზონის სტარტი მძიმე გამოუვიდა, ნელ-ნელა უკეთესი ხდება.

"ბარსელონა ბრუნდება. ამ გუნდს ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში თავის სახეს იბრუნებს და უკეთესი ხდება", - თქვა რეალის თავკაცმა.

კარლო ანჩელოტის გუნდი მომავალ "ელ კლასიკოს" 8 მატჩში მოპოვებული 17 ქულით და ცხრილში მეორე ადგილით ხვდება. პირველზე რეალ სოსიედადია 20 ქულით, რომელსაც თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. რაც შეეხება ბარსელონას, რონალდ კუმანის შეგირდებმა ლა ლიგის 8 მატჩში 15 ქულა მოიპოვეს და მე-7 ადგილით კმაყოფილდებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები