Thumbnail

'თქვენი მაისური არ გვჭირდება' - რომას ფანები ფეხბურთელების წინააღმდეგ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

უეფას კონფერენსლიგის მე-3 ტურში რომა ნორვეგიაში ბოდო გლიმტს აშკარა ფავორიტის რანგში ესტუმრა, მაგრამ კატასტროფული მარცხი განიცადა - 1:6.

რა თქმა უნდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა და მათ შორის ვერც ის ადამიანებიც, რომლებიც კლუბს საქომაგოდ ნორვეგიაში გაჰყვნენ, თუმცა, საყვარელი კლუბისგან პასუხად კარგი ვერაფერი მიიღეს.

მატჩის დასრულების შემდეგ რომას ფეხბურთელები ფანებთან მივიდნენ და ბოდიში მოუხადეს. გუნდის კაპიტანმა ლორენცო პელეგრინიმ მათ საკუთარი მაისურიც შესთავაზა, მაგრამ ტიფოზებისგან უარი მიიღო და მათ კაპიტანს მაისური არ გამოართვეს.


გულშემატკივრების გულისწყრომა სრულიად გასაგებია, რადგან რომამ სეზონი კარგად და დამაიმედებლად დაიწყო, მაგრამ მორიგი კოშმარული მარცხი განიცადა. ზოგადად, რომასთვის მსგავსი ანგარიშებით წაგება არახალია და ადრეც შერცხვენილა, მაგალითად, მანჩესტერთან ორჯერ (1:7 და 2:6), ბარსელონასთან (1:6), ფიორენტინასთან (1:7) და ბაიერნთან (1:7). ახლა კი, "მგლების" ისტორიას უცნობ ბოდო გლიმტთან საშინელი წაგებაც შეემატა.

კონფერენსლიგის C ჯგუფს მე-3 ტურის შემდეგ ბოდო გლიმტი 7 ქულით ლიდერობს და მას ქულით ჩამორჩება რომა. მესამე-მეოთხე ადგილებს შესაბამისად ლუგანსკის ზორია (3) და სოფიას ცსკა (1) იკავებენ. ჟოზე მოურინიოს გუნდი მომდევნო შეხვედრას ტურნირში კვლავ ბოდო გლიმტთან, 5 ნოემბერს, ამჯერად საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები