Thumbnail

5 ცვლილებით რუსულ ლოკომოტივთან - შავი ლომის შემადგენლობა სუპერთასის მატჩისთვის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 📅 23 ოქტომბერი | ⌚ 13:30 | 🏉 ლოკომოტივი პენზა V შავი ლომი | 📺 რაგბი TV
  • 'ჩვენი მიზანი ყველა თამაშის მოგება და მატჩიდან მატჩამდე უკეთესი ხარისხის ჩვენებაა'

შავი ლომის სამწვრთნელო შტაბმა პენზაში ლოკომოტივთან გასამართი რაგბი ევროპის სუპერთასის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა გასულ შაბათს ისრაელის წარმომადგენელი თელ ავივ ჰითი 33:10 დაამარცხა და სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო.

იმ თამაშის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა. ტრავმირებული სოსო მათიაშვილის ნაცვლად, ფულბეკად თამაშს ლაშა ხმალაძე იწყებს, ფრთაზე კი, სანდრო თოდუას მაგივრად მირიან მოდებაძეს ვიხილავთ. ამას გარდა, ძირითადში დაწინაურდა 9 ნომერი თენგიზ პერანიძე, ხოლო გიორგი ბეგაძე ამ ტურში ისვენებს.

წინა თამაშის შემდეგ სასტარტოში ადგილი შეინარჩუნა გარემარბმა აკაკი ტაბუცაძემ, რომელმაც ჰითს სამი ლელო გაუტანა. ასევე ძირითად თხუთმეტეულშია მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი. უცვლელი დარჩა ცენტრიც – მერაბ შარიქაძე და დემურ თაფლაძე.

შავი ლომის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი

შეიცვალა ორივე ბურჯი: გოგა ქადარიასა და მიხეილ წიკლაურის ნაცვლად, თამაშს მიხეილ ორაგველიძე და ნიკა პატარაია იწყებენ. ძირითადშია კვაჭი შალვა მამუკაშვილი. ასევე უცვლელია შერკინების მეორე (ნოდარ ჭეიშვილი, დავით გიგაური) და მესამე ხაზი (ნიკო აფციაური, სანდრო მამამთავრიშვილი, ლუკა ივანიშვილი). სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორაგბეებიდან რაგბი ევროპის სუპერ თასზე პირველად ითამაშებს პატარაია. ასეთი სამი მორაგბეა თადარიგში – გოგა ხუროშვილი, ლუკა მატკავა და ლაშა ლომიძე.

“ამ ტურნირზე ჩვენი მიზანი ყველა თამაშის მოგება და მატჩიდან მატჩამდე უკეთესი ხარისხის ჩვენებაა. ამავდროულად, წნეხში გამოვცდით მოთამაშეებს, დებიუტანტები კი საერთაშორისო გამოცდილებას შეიძენენ. ეს თამაშები ერთგვარი სელექცია და შეთამაშების საშუალებაა ნოემბრის ტესტებისთვის“ – განაცხადა შავი ლომის თავკაცმა ლევან მაისაშვილმა, რომელიც ამავდროულად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიცაა.

შემადგენლობა დაასახელა ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდრ იანუშკინმაც და საინტერესოა, რომ თანამემამულეების წინააღმდეგ რუსული კლუბის ხუთივე ქართველი მორაგბე ითამაშებს. გიორგი ჭყოიძე, ტარიელ დონაძე, ილია სპანდერაშვილი და ნიკა ცირეკიძე სასტარტო XV-ში არიან, ხოლო რევაზ ბროძელი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება.

რუსული კლუბის პირველ ხაზში 2 ქართველი მორაგბე ითამაშებს - ტარიელ დონაძე და გიორგი ჭყოიძე

შეგახსენებთ, რომ შავი ლომისგან განსხვავებით, პენზის ლოკომოტივს ტურნირზე უკვე 2 მატჩი აქვს გამართული, თუმცა, მოგება ჯერაც არ გააჩნია. იანუშკინის შეგირდებმა ენისეისთან კრასნოიარსკში 6:22 წააგეს, პენზაში კი – 21:44. ამ დროისთვის აღმოსავლეთ კონფერენციას სწორედ ენისეი ლიდერობს 10 ქულით, შავ ლომს 5 ქულა აქვს, თელ ავივი და პენზა კი უქულოდ არიან.

მომავალი შეხვედრა სტადიონ პერვომაისკიზეა დაგეგმილი და მაყურებლების გარეშე ჩაივლის. შავი ლომი პენზასთან მატჩის შემდეგ შინ დაბრუნდება და 30 ოქტომბერს სოჭში, ენისეისთან გასამართი მატჩისთვის მოემზადება. მანამდე, 23 ოქტომბერს, კრასნოიარსკელები მოსკოვში თელ ავივ ჰითს უმასპინძლებენ.

რაგბი ევროპის სუპერთასი (აღმოსავლეთ კონფერენცია)

შავი ლომი პენზის ლოკომოტივთან მატჩისთვის

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. მირიან მოდებაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე.

შერკინება: 1. მიხეილ ორაგველიძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დავით გიგაური, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

სათადარიგოები: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. ლაშა ლომიძე, 23. სანდრო თოდუა.

კომენტარები

ბოლო ამბები