Thumbnail

მამუკელაშვილის 12 ქულა მაიამისთან - NBA-ს ჩემპიონი 42 ქულით დამარცხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

22 წლის სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში პირველი ქულები მიითვალა, პირველად ჩააგდო 3-ქულიანი და საერთოდაც, მაიამისთან საგარეო მატჩში ურიგოდ არ გამოიყურებოდა - 27:20 წუთი ითამაშა და ამ დროში 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოუტანა მილუოკის, რომელმაც ფლორიდაში ისე წააგო ჩემპიონს რომ არ ეკადრება - 42-ქულიანი სხვაობით - 137:95. 

მატჩის წინ ცნობილი გახდა, რომ მილუოკის 4 ტრავმირებულს (პორტისი, ოჯელეიე, ჰუდი, დივინჩენცო) ჯრუ ჰოლიდეი და ბრუკ ლოპესიც დაემატნენ. ამიტომაც, სტუმრებმა ცენტრის პოზიციაზე იანის ანტეტოკუნმპოთი დაიწყეს და მეტოქეს ძალიან ჩამორჩნენ. სანდრო უკვე პირველ მეოთხედში გამოჩნდა, რომლის დასასრულსაც მას 4-4 ქულა და მოხსნა ჰქონდა და ამ მაჩვენებლებით გუნდში საუკეთესო იყო. ბაქსმა მეოთხედი 17:40 დათმო. 

საბოლოოდ მამუკელაშვილს ქულებით წაგებულ გუნდში მხოლოდ იანისმა (15 ქულა) და ალენმა (14) აჯობეს. მან თამაშიდან 9-ჯერ ისროლა და 4-ჯერ ჩააგდო (4-დან 2 სამქულიანი), ორივე საჯარიმო მიზანს უწია და 4 მოხსნიდან 2 მეტოქის ფარზე ჰქონდა. პლუს/მინუს მაჩვენებელი მას -12 ჰქონდა, რაც ერთ-ერთი საუკეთესოა გუნდში, რომელიც 42 ქულის სხვაობით დამარცხდა. მაიამის ტაილერ ჰირომ ულიდერა - 25 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი. ჯიმი ბატლერის ანგარიშზე 21 ქულაა, ბემ ადებაიომ ორმაგი დუბლი შეასრულა - 20 ქულა და 13 მოხსნა. 


მაიამი ჰიტმა ბოლო 25 სეზონში ყველაზე დიდი გამარჯვება იზეიმა, მაიკ ბუდენჰოლცერს კი სამწვრთნელო კარიერაში ამაზე მწარედ მხოლოდ ერთხელ აქვს წაგებული. 24 ოქტომბერს მილუოკი სან ანტონიოს ესტუმრება, შეხვედრა თბილისის დროით 04:30-ზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები