Thumbnail

'არ მგონია, ისინი სიცივემ შეაშინოს' - შავი ლომი რუსეთში ჩავიდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

პირველი ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი პენზაში ჩავიდა, სადაც შაბათს რაგბი ევროპის სუპერთასის ეგიდით ადგილობრივ ლოკომოტივთან დაპირისპირება ელის. ქართველი მორაგბეები ჩარტერით ჯერ ვოლგროგრადში ჩაფრინდნენ, შემდეგ კი გეზი პენზისკენ აიღეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, შავ ლომს რუსულ ქალაქში ცივი ამინდი დახვდა. თამაშის დღეს ტემპერატურა 6 გრადუსამდე დაეცემა, მომავალ კვირას კი, პენზაში -3 გრადუსს ვარაუდობენ.
მოახლოებული მატჩის წინ, კომენტარი ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდრ იანუშკინმა გააკეთა:

“ყველამ ვიცით, რომ შავი ლომი, ფაქტობრივად, საქართველოს მე-2 ნაკრებია, რომელიც გამოცდილი მორაგბეებით არის დაკომპლექტებული. მათ ეროვნულ გუნდში არაერთი მატჩი აქვთ ჩატარებული და ფრანგულ კლუბებშიც უთამაშიათ. ამდენად, ორივე მხარისთვის ძალიან საინტერესო მატჩი გველის. მეტოქის რიგებში ნამდვილი პროფესიონალები ირიცხებიან, რომლებიც ნებისმიერ პირობებში თამაშს მიჩვეულები არიან, ასე რომ, არა მგონია, ცივმა კლიმატმა მათზე ზეგავლენა იქონიოს”.

ქართული ფრენჩაიზის მორაგბეები უკვე პენზაში არიან

შეგახსენებთ, რომ შავმა ლომმა გასულ უქმეებზე სუპერთასზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა და თელ ავივ ჰითს (ისრაელი) 33:10 სძლია. აი, პენზის ლოკომოტივს კი უკვე 2 მატჩი აქვს გამართული, თუმცა, მოგება ჯერაც არ გააჩნია. იანუშკინის შეგირდებმა ენისეისთან კრასნოიარსკში 6:22 წააგეს, პენზაში კი – 21:44. ამ დროისთვის ტურნირს სწორედ ენისეი ლიდერობს 10 ქულით, შავ ლომს 5 ქულა აქვს, თელ ავივი და პენზა კი უქულოდ არიან.

მომავალი შეხვედრა სტადიონ პერვომაისკიზეა დაგეგმილი და მაყურებლების გარეშე ჩაივლის. შავი ლომი პენზასთან მატჩის შემდეგ შინ დაბრუნდება და 30 ოქტომბერს სოჭში, ენისეისთან გასამართი მატჩისთვის მოემზადება. მანამდე, 23 ოქტომბერს, კრასნოიარსკელები მოსკოვში თელავივ ჰითს უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები