Thumbnail

ლა ლიგაში 6 სასტარტო მატჩის გამართვის შემდეგ, 20 წლის გიორგი მამარდაშვილი "ღამურების" თავკაცმა ხოსე ბორდალასმა სათადარიგოთა სკამზე გადასვა და უკვე სამი ტურია, რაც კარში ნიდერლანდელი იასპერ სილესენი დგას. ამან ვალენსიას ფანების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. 

შაბათს, ლა ლიგის მე-10 ტურში ვალენსია "მესტალიაზე" მალიორკას უმასპინძლებს და დიდი ალბათობით, კარში ისევ სილესენი იდგება. "სილესენი გუნდში ერთადერთია, რომელმაც სასტარტო შემადგენლობაში თამაში მოიპოვა (აქ არ იგულისხმება კონკურენტის ტრავმა), მას მერე, რაც კარგი პრესეზონისა და კარგი სტარტის შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა შეცდომები დაუშვა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მან უკვე გაინაღდა სასტარტოში თამაში - ბოლო სამ მატჩში მან 4 გოლი გაუშვა", - წერს Plazadeportiva.

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგაში: 6 მატჩი: 3 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი

deportevalenciano.com წერს, რომ ვალენსიას მეკარის პრობლემა აქვს და ის იანვარში უნდა მოაგვაროს. პრობლემა ცოტა უცნაურია, გუნდში ერთდროულად 4 გოლკიპერია: სილესენი, მამარდაშვილი, ხაუმე დომენეკი და კრისტიან რივერო. "იასპერ სილესენი თამაშობს და იმედია, ასეც გაგრძელდება. ხაუმეს კი სათადარიგოს როლის შესრულება შეუძლია. გუნდში საკმარისია სამი მეკარის ყოლა, ამიტომაც, უნდა გადაწყდეს, რა ბედი ეწევათ მამარდაშვილსა და რივეროს. ორივე ახალგაზრდაა და შესაძლებელია, რომ ისინი ყოველ კვირა არ თამაშობდნენ". 

საიტის აზრით, სჯობს, გუნდმა კრისტიან რივერო გაანათხოვროს, რაც შეეხება მამარდაშვილს, რომელიც თავიდან გუნდმა სარეზერვო გუნდში, ვალენსია მესტალიაში სათამაშოდ აიყვანა იჯარით, საიტის აზრით, სჯობს, მან ისევ პირველ გუნდში ივარჯიშოს და მესტალიაში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. "თუკი დრო გავა და მამარდაშვილს სათამაშო დრო არ მიეცემა და ის დარჩება სათადარიგოთა სკამზე, მან რომ მესტალიაში ითამაშოს არ იქნებოდა ცუდი. ყოველ შემთხვევაში ანგულომ უკვე გამოთქვა სურვილი, გიორგი სარეზერვო გუნდში ათამაშოს. ასე რომ, ეს საკითხი კლუბში უკვე დაყენებულია". 

შეგახსენებთ, რომ მიგელ ანხელ ანგულო წარსულში შესანიშნავი ნახევარმცველი, ახლა მესტალიას თავკაცია, რომელიც ტერსერა დივიზიონ RFEF-ში თამაშობს (რანგით მე-5 დივიზიონი ესპანეთში). 8 ტურის შემდეგ ვალენსია მესტალია 17 ქულით (7 თამაშიდან) დივიზიონში ლიდერია და მხოლოდ 4 გოლი აქვს გაშვებული. ამ გუნდის კარს ხუანხო გარანჩო და ჩარლი იცავენ. გუნდშია ბულგარელი მეკარე დავიდ ვასილიევიც.     

კომენტარები

ბოლო ამბები