Thumbnail

'მეტოქეს ერთი უპირატესობა აქვს' - შავ ლომს სოსო მათიაშვილი გამოაკლდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 📅 23 ოქტომბერი | ⌚ 13:30 | 🏉 ლოკომოტივი პენზა V შავი ლომი | 📺 რაგბი TV
  • 'ნორმალურად ვართ მომზადებული და იმედია, თამაშის ხარისხი უკეთესი იქნება'

პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერთასის მე-2 მატჩისთვის შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ემზადება. ქართველი მორაგბეები ხვალ დილით გაემგზავრებიან პენზაში, სადაც 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:30 საათიდან ადგილობრივ ლოკომოტივთან დაპირისპირება ელით. მომავალი მატჩის წინ გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ, საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდთან, შავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა.

“გვქონდა მცირე ტრავმები, რომლებსაც რეაბილიტაცია სჭირდებოდა. გარდა ამისა, რამდენიმე მოთამაშეს ფაიზერის ბუსტერით აცრა უწევდა, რადგან სხვა მხრივ საფრანგეთში არ შეუშვებენ. შედეგად, რამდენიმე დღე მათაც ვერ ივარჯიშეს და სრული შემადგენლობა დღეს შევიკრიბეთ.

მიუხედავად ამისა, ნორმალურად ვართ მომზადებული და იმედს ვიტოვებთ, რომ პირველი მატჩის შემდეგ ხარისხი უკეთესი იქნება. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ თამაშიდან თამაშამდე განვვითარდეთ, დეტალები დავხვეწოთ და მორაგბეებს საერთაშორისო გამოცდილება მივცეთ.

სამწუხაროდ დიდი ხნით გამოგვაკლდა სოსო მათიაშვილი, რომელმაც მუხლის ტრავმა თელ ავივ ჰითთან მატჩში მიიღო. მან ჯვარედინი დაიზიანა და საოპერაციოა. ჯერ არ დაბრუნებულან მანამდე ტრავმირებული მოთამაშეები. მათგან ერთ ან ორ მორაგბეს ენისეისთან მატჩის წინ ველით.

თელავივის გუნდი ინდივიდუალურად უფრო მაღალი დონის მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა ლოკომოტივს ის უპირატესობა აქვს, რომ შეთამაშებული გუნდია. მათ მაღალი, ჯანიანი ბიჭები ჰყავთ და სოლიდურად გამოიყურებიან დერეფანში, შეჯახებებში. ლოკომოტივში რამდენიმე ქართველი მორაგბე თამაშობს, რომლებიც თავიანთ პოზიციებზე კარგად გამოიყურებიან”.

ლევან მაისაშვილი

შეგახსენებთ, რომ შავი ლომისგან განსხვავებით, პენზის ლოკომოტივს სუპერთასზე უკვე 2 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა, მოგება ჯერაც არ გააჩნია. ალეკსანდრ იანუშკინის შეგირდებმა ენისეისთან კრასნოიარსკში 6:22 წააგეს, პენზაში კი – 21:44. ამ დროისთვის ტურნირს სწორედ ენისეი ლიდერობს 10 ქულით, შავ ლომს 5 ქულა აქვს, თელ ავივი და პენზა კი უქულოდ არიან.

ცნობისთვის, ლოკომოტივის რიგებში 5 ქართველი მორაგბე (რევაზ ბროძელი, ტარიელ დონაძე, ილია სპანდერაშვილი, ნიკა ცირეკიძე და გიორგი ჭყოიძე) ირიცხება, ფორვარდების მწვრთნელი კი დავით გურგენაძეა. მომავალი შეხვედრა სტადიონ პერვომაისკიზეა დაგეგმილი და მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

შავი ლომი პენზასთან მატჩის შემდეგ შინ დაბრუნდება და 30 ოქტომბერს სოჭში, ენისეისთან გასამართი შეხვედრისთვის მოემზადება. მანამდე, 23 ოქტომბერს, კრასნოიარსკელები თელავივ ჰითს მოსკოვში უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები