Thumbnail

საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ალბათ უმნიშვნელოვანესმა თამაშმა ჩემპიონობასთან დაკავშირებული შეკითხვა ბოლომდე პასუხგაუცემელი დატოვა, მაგრამ დინამო ბათუმი ნანატრ ტიტულს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

ბათუმში გია გეგუჩაძის გუნდმა დინამო თბილისს უმასპინძლა, რომელსაც მატჩამდე 7 ქულით უსწრებდა და გამარჯვების შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველაფერს წერტილს დაუსვამდა. თავის მხრივ, კახა ცხადაძის გუნდსაც 3 ქულა სჭირდებოდა, რომ ბრძოლა დაეძაბა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ვერცერთმა მოიგო. ფრე (1:1), რითაც უფრო კმაყოფილი ცალსახად აჭარული გუნდი უნდა იყოს.

პირველი ტაიმი სანახაობრივი გამოდგა და საკმაოდ სწრაფ ტემპში წარიმართა. ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა და დინამო თბილისი დაწინაურდა. კახა ცხადაძის შეგირდებმა კარგი იერიში განახორციელეს, რომელიც მარცხენა ფლანგიდან ლევან ხარაბაძის ჩაწოდებით დაიწყო და ოსეი ბარნსიმ ლაზარე კუპატაძეს ახლო მანძილიდან გაუტანა. ამ ეპიზოდში ბათუმელთა დაცვის ცენტრის შეცდომა აშკარა იყო.

მასპინძლებს გათანაბრება 4 წუთში შეეძლოთ, კარგ კომბინაციას გიორგი ფანცულაია აგვირგვინებდა, მაგრამ დინამოელთა მეკარე ანდრეს პრიეტომ ივარგა. იქვე, დინამო თბილისმა კინაღამ მეორე გაიტანა - სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ზორან მარუშიჩი კუპატაძესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბათუმელები მეკარემ გადაარჩინა. საინტერესოა, რომ სერბ ფორვარდს გიორგი კუციაზე, რომელიც პრაქტიკულად ცარიელ კართან იყო, პასის გაკეთებაც შეეძლო, მაგრამ დარტყმა ამჯობინა და ვერ გაიტანა. ამის გამო თბილისელები დაისაჯნენ.

38-ე წუთზე გეგუჩაძის შეგირდებმა შესანიშნავი კომბინაცია გაათამაშეს და საჯარიმოს მისადგომებიდან ჯაბა ჯიღაურმა ერთი შეხებით იდეალურად დაარტყა - 1:1. შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

მე-2 ნახევარი ისეთივე აღარ გამოვიდა, როგორიც პირველი იყო. დინამო ბათუმი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, სტუმრები კი თამაშის კონტრშეტევაზე აგებას ცდილობდნენ. თუმცა, ამას შედეგი არ გამოუღია და გუნდებმა სახიფათო მომენტებიც პრაქტიკულად ვერ შექმნეს. ყველაზე გამოსარჩევი ტაიმის დასაწყისში ირაკლი აზაროვის შორეული დარტყმა იყო, რომელიც კარს ასცდა.

ამგვარად, ფრე 1:1, რომელიც უფრო ბათუმელებს აწყობდათ, რადგან 7-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს. დინამო ბათუმს 64 ქულა აქვს, დინამო თბილისს 57 და სეზონის ფინიშამდე მხოლოდ 6 ტური რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ზღვისპირელთა ხელთაა და ისტორიულ, პირველ ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს არიან.

მომდევნო ტურში გია გეგუჩაძის გუნდი 24 ოქტომბერს, სტუმრად სამტრედიას შეხვდება, ხოლო თბილისელები იმავე დღეს, ასევე გასვლაზე საბურთალოს დაუპირისპირდებიან.

დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

გოლები: 0:1 ბარნსი (18), 1:1 ჯიღაური (38)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ალთუნაშვილი (88. მანჯგალაძე), ტეიდი - მამუჩაშვილი (74. ზარია), ჯოვინო (89. შინდაგორიძე) - ჯიღაური (90. გროცურეკი) - ფანცულაია (74. გაფრინდაშვილი)

დინამო თბილისი (5-4-1): პრიეტო - სპორკსლედე, ხვადაგიანი, ბენიო, კალანდაძე, ხარაბაძე - კუცია (58. მორჩილაძე), რადინი (52. მოისწრაფიშვილი), მექვაბიშვილი, ბარნსი (68. ქავთარაძე) - მარუშიჩი

კომენტარები

ბოლო ამბები