Thumbnail
  • მილუოკი 127:104 ბრუკლინი
  • ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 7 წუთი გაატარა და თითო მოხსნა-პასი ჰქონდა

22 წლის სანდრო მამუკელაშვილი მე-6 ქართველი კალათბურთელი გახდა, ვინც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ითამაშა. ეს, დღეს დილით მოხდა, როდესაც მისმა მილუოკი ბაქსმა შინაურ კედლებში ბრუკლინ ნეტსს 127:104 სძლია, ქართველმა მძიმე ფორვარდმა კი მოედანზე 7 წუთი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა მამუკელაშვილი გასულ დრაფტზე მხოლოდ 54-ე ნომრად აიყვანა და თავდაპირველად მცირე შანსი ჩანდა იმისა, რომ სანდრო პირველივე სეზონში დაეტვირთათ, თუმცა, წარმატებულმა პრესეზონმა ბევრი რამ შეცვალა და ქართველ კალათბურთელს სეზონის გახსნის მატჩში ენდნენ.


აღნიშნულ დროში მამუკელაშვილმა მხოლოდ ერთხელ ესროლა და ააცილა, სამაგიეროდ, აქტივში თითო მოხსნა და პასი ჰქონდა. ქართველი ლეგიონერი თამაშში პირველად მე-2 მეოთხედის დასაწყისში ჩაერთო და მოედანზე შეხვედრის მიწურულსაც გამოჩნდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბაქსს 32 ქულითა და 14 მოხსნით ბერძენმა ვარსკვლავმა იანის ანტეტოკუნმპომ ულიდერა, კრის მილდტონმა და სათადარიგო პატ კონაფტონმა კი 20-20 ქულა ჩააგდეს. 32 ქულას 11 მოხსნა წაამატა ბრუკლინის ლიდერმა კევინ დურანტმა, პატი მილსმა 21 ქულა მიითვალა, ჯეიმს ჰარდენმა კი – 20.

მილუოკი მომდევნო მატჩს 22 ოქტომბერს მაიამი ჰითთან ჩაატარებს და იმედია, სანდროს თავის გამოჩენის საშუალება იქაც მიეცემა. როგორც აღვნიშნეთ, მამუკელაშვილამდე NBA-ში ხუთ ქართველს უთამაშია. ესენი ვლადიმერ სტეფანია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე იყვნენ. ეს უკანასკნელი სეზონში 21 ოქტომბერს ჩაებმება, როდესაც ინდიანა პეისერსი შარლოტ ჰორნეთსს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები