Thumbnail
  • ტურის ცენტრალურ თამაშში გურამ კაშია და ჯაბა კანკავაც მონაწილეობდნენ
  • სიტუაციის განმუხტვა მხოლოდ პოლიციის დამატებითმა ძალებმა მოახერხეს

სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი, რომელშიც ტრნავის სპარტაკი გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას სლოვან ბრატისლავას მასპინძლობდა, გუნდების ქომაგებს შორის მომხდარი მასობრივი ჩხუბის გამო ჩაიშალა.

თამაში, რომელშიც ორივე ქართველი ლეგიონერი იყო ჩართული, მხოლოდ 15 წუთს გაგრძელდა, შემდეგ კი მისი გაგრძელება შეუძლებელი გახდა. უწესრიგობა ჯერ ტრიბუნებზე დაიწყო, შემდეგ კი, გულშემატკივრებს შორის ჩხუბში გადაიზარდა.

გუნდებმა მინდვრის დატოვება მოასწრეს, ფანები კი ერთმანეთს გამეტებით ურტყამდნენ და რამდენიმე მათგანმა ისეთი სერიოზული დაზიანება მიიღო, რომ მათი საკაცით გაყვანა გახდა საჭირო.

სიტუაციის განმუხტვა მხოლოდ პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზების შემდეგ გახდა შესაძლებელი, გუნდებმა კი მომხდარში ერთმანეთი დაადანაშაულეს. დიდი ალბათობით, შეხვედრა მაყურებლების გარეშე გადათამაშდება.

ამ დროისთვის, სლოვაკეთის ჩემპიონატს 23-23 ქულით სწორედ სლოვანი და სპარტაკი ლიდერობენ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ბრატისლაველთა თავკაცი საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია.

კომენტარები

ბოლო ამბები