Thumbnail
  • ბრუკლინი, ლეიკერსი და მილუოკი სეზონის მთავარი ფავორიტები არიან
  • იუტას, ფინიქსს და მაიმის საჩემპიონო ამბიციის მქონე გუნდები ეყოლებათ
  • გოლდენ სტეიტს და დენვერს ტრავმები აწუხებთ, ფილადელფიას - სიმონსის პრობლემა
  • გოგა ბითაძის ინდიანას რიკ კარლაილი გაწვრთნის
  • დემიენ ლილარდის საკითხი სეზონის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა

ერთი დღეც და ყველაზე მთავარი საკალათბურთო ლიგა იწყება - NBA ტრადიციულად ბევრი კითხვით და დიდი ინტრიგით ბრუნდება. სულ მცირე, 8 თვის განმავლობაში გულშემატკივარს საკალათბურთო შოუ გარანტირებული აქვს.

ვინ არიან ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტები? ვისგან შეიძლება ველოდეთ სიურპრიზებს? ვინ არიან გრანდები, რომელთაც ბეჭდისთვის ბრძოლამდე შიდა პრობლემების გადალახვა მოუწევთ? NBA-ს მოახლოებული სეზონის შესახებ ყველაფერს პოპსპორტის სტატიაში ნახავთ.

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

უპირველესი ფავორიტები

ამ კატეგორიაში სულ სამი გუნდი გვყავს - მოქმედი ჩემპიონი მილუოკი, რომელმაც თითქმის სრულად შეინარჩუნა საჩემპიონო გუნდი; "დიდი სამეულის" ბრუკლინი, რომელსაც კაირი ირვინგის უცნაურობების გამო მხოლოდ დურანტი-ჰარდენის დუეტის იმედზე ყოფნა მოუწევს და ლეიკერსი, რომელმაც ლებრონის გარშემო ვეტერანი და გამოცდილი გუნდი შეკრა და ბეჭდისთვის საკმაოდ მოულოდნელი შემადგენლობით იბრძოლებს.

მილუოკი

მილუოკი მოქმედი ჩემპიონია და საჩემპიონო გუნდი თითქმის სრულად შეინარჩუნა. თუმცა, ეს "თითქმის" ბევრს ნიშნავს - ვეტერანი ფი-ჯეი ტაკერი გუნდიდან წავიდა. გასულ წელს მილუოკიმ, უპირველეს ყოვლისა, თავისი ელიტური დაცვის წყალობით მოიგო. ამბოდნენ, რომ ბაქსი ჩემპიონი ვერასოდეს იქნებოდა, თუ იანისი სროლას არ ისწავლიდა. იანისს წინა წელს საშუალო დისტანციიდან სროლების 36 პროცენტი ჰქონდა ჩაგდებული, ხოლო პერიმეტრიდან - 30 (პლეი ოფში ეს მაჩვენებელი 20 პროცენტზე) ჩამოვიდა, თუმცა მილუოკი ჩემპიონი მაინც გახდა. მაიამისთან 4-იდან სამჯერ, ბრუკლინთან კი 7-იდან 4-ჯერ მილუოკის დაცვამ მეტოქეს 100 ქულაც კი არ ჩააგდებინა.

იანისის ისტორიული ჩემპიონობა - რატომ ვერ გააჩერეს მილუოკი

ტაკერი ამ დაცვის ერთ-ერთი მთავარი წევრი იყო, ის კაცი, რომელიც დურანტს ებრძოდა. მის გარეშე მილუოკის დაცვა ბევრად სუსტი იქნებდა და ბრუკლინთან პოტენციურ დაპირისპირებაში KD-ს წინააღმდეგ თამაში მიდლტონს ან იანისს მოუწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემტევ ოპციებს დაცვაში დიდი დატვირთვა ექნება. მოკლედ, ტაკერი დანაკლისია - განსაკუთრებით პლეი ოფებში.

რეგულარულში ბუდენჰოლცერის გუნდს პრობლემა კვლავ არ უნდა ჰქონდეს - მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ კრის მიდლტონი სრულფასოვანი ვარსკვლავივით თამაშობს, ხოლო ჯრუ ჰოლიდეიმ ბურთის გათამაშების პრობლემა კარგად გადაწყვიტა.

ფი ჯეი ტაკერი დურანტს ხელს ყველა ხერხით უშლიდა

კარგი ამბავი ბუდენჰოლცერის ბანაკში ის არის, რომ ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დონტე დივინჩენცო ბრუნდება. მილუოკიმ მთელი პლეი ოფი მის გარეშე ითამაშა. ბაქსს სათამაშო სიახლეებიც ექნება - წინა წელს იანისი ცენტრის პოზიციაზე სათამაშო დროის 17 პროცენტს ატარებდა, წინასასეზონო მატჩებში კი ეს მაჩვენებელი 39-მდე ავიდა. ანუ, როგორც ჩანს, ბუდენჰოლცერი ამუშავებს იმ სათამაშო ვარიანტს, რომლის მიხედვითაც იანისი ცენტრზე სულ უფრო და უფრო მეტ დროს გაატარებს და მილუოკი პარკეტზე ე.წ. "მსუბუქი ხუთეულით" იქნება.

მილუოკი ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესსაც იწვევს. სანდრო მამუკელაშვილი თავის კარიერას სწორედ აქ იწყებს. ის ჯერჯერობით მესამე ხუთეულის წევრად მიიჩნევა, თუმცა კარგი ის არის, რომ მილუოკის სკამი, ტრადიციულად, არცთუ გრძელი და ძლიერია. მამუკელაშვილმაც დრო და თავისი შანსი აუცილებლად უნდა მიიღოს.

"შეუძლია ბურთის ფლობა და პასი, სროლასაც თუ შეძლებს, მილუოკის კარგი შენაძენი ექნება", - ასე ახასიათებს მამუკელაშვილს "ატლეტიკის" ექსპერტი.

ბრუკლინი

კაირი ირვინგს სურს, რომ "იყოს ხმა მათთვის, ვისაც ხმა არ აქვს". ამ ფორმით კაირი აუცრელობის გამო სამსახურიდან წასულ ხალხს უცხადებს სოლიდარობას. ბრუკლინში ისეთი სამეული შეიკრიბა, თითქოს ჩემპიონობა მხოლოდ დროის ამბავი იყო. წინა წელს საჩემპიონო ქიმია ამ გუნდს არ ეტყობოდა - ჰარდენი დაწყებულ სეზონში გადავიდა, გუნდს ბევრი ტრავმები ჰქონდა და სუპერსამეულს ერთად თამაში იშვიათად უწევდა. ამის მიუხედავად, ბრუკლინის ძალა პლეი ოფში გამოჩნდა - ირვინგის გარეშე და ტრავმირებული ჰარდენით ნეთსმა მომავალი ჩემპიონი მილუოკი თითქმის დაამარცხა. დურანტს ბოლო სროლისას ხაზზე დაებიჯა ფეხი და ამან მილუოკის ოვერტაიმის შანსი მისცა. მოკლედ, სანტიმეტრებმა ისტორია შეცვალა. აქვე გაჩნდა კითხვა - ყველანი ჯანმრთელად რომ ყოფილიყვნენ, ამ გუნდს ვინ შეაჩერებდა?

ყველანი ჯანმრთელად არიან, თუმცა ირვინგი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით მაინც არ ითამაშებს. კაირის ნიუიორკული წესებით მხოლოდ გასვლაზე შეეძლო თამაში და ნეთსმაც ეს არ მოინდომა. სწორედ ამიტომ, ბრუკლინი ბოლო ერთი თვეა მედიაში მთავარი სალაპარაკო თემაა.

ბრუკლინი სეზონს კაირი ირვინგის გარეშე ხვდება

ნეთსის სეზონის პროგნოზირება რთულია - რა მოხდება? გადაწყვეეტს აცრას და დაბრუნება კაირი ან ნიუ იორკში წესებს შეცვლიან? ხომ არ გაცვლიან მას? ბრუკლინს კარგი სცენარი არ აქვს: კაირი ძალიან ჯიუტი კაცია და მისგან აზრის შეცვლა ნაკლებად მოსალოდნელია. უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ ნიუ იორკში გაზაფხულისკენ ახალი წესები მიიღონ, მით უმეტეს, რომ წლის ბოლოს ქალაქის მერის არჩევნებია. არც "ტრეიდია" გამორიცხული, თუმცა კაირი იმუქრება, რომ თუ მას გაასხვისებენ, კარიერას დაასრულებს და ამიტომ, კარგი ვარიანტიც ბაზარზე არ ჩანს. საერთოდაც, ამ სეზონის შემდეგ მას გუნდიდან წასვლა თავისი ნებით შეუძლია - ასეთი კონტრაქტი აქვს, მოთამაშის ოპცია ბოლო სეზონზე.

ბრუკლინი სეზონს ირვინგის გარეშე გეგმავს და ამ დანაკლისის მიუხედავად მაინც მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. ჰარდენი და დურანტი ერთად ძალიან დიდი ძალაა. მთავარია, დურანტს ჯანმრთელობამ არ უღალატოს - 33 წლის ასაკში მას აქილევსი აქვს გაწყვეტილი და ირვინგის არყოფნა მასზე დატვირთვას მხოლოდ გაზრდის.

ბრუკლინს გამოცდილი ვეტერანები ჰყავს - ბლეიკ გრიფინს ამ სეზონში პატი მილსი, ლამარკუს ოლდრიჯი (რომელსაც თითქოს კარიერა უნდა დაესრულებინა) და პოლ მილსაპი დაემატნენ. ახლა, სამწამიანში ბრუკლინი უფრო გაბარიტულად გამოიყურება - წინა წელს ნეთსის მთავარი პრობლემა სწორედ ეს იყო. ზოგადად, სუპერვარსკვლავური დუეტი და გამოცდილი ვეტერანები საჩემპიონო კომბინაციაა - ორი წლის წინ ლეიკერსმა ამ კონცეფციით აწყობილი გუნდით მოიგო ჩემპიონობა.

სტივ ნეშს ბევრი სამუშაო მოუწევს - ბევრი და კარგი მასალა აქვს და აქედან გუნდი უნდა გამოიყვანოს თავისი სწორი როტაციით, განაწილებული სათამაშო ფუნქციებით და წუთებით. წინა წელს ბრუკლინი რეგულარულს ზედაპირულად უდგებოდა და ეს საკმაოდ ძვირი დაუჯდა. ნეში შეეცდება ეს შეცდომა აღარ გაიმეოროს.

ლეიკერსი

მოხუცების ადგილი აქ არის - ლებრონის უკანასკნელი ცეკვა

ლებრონის ერთ-ერთი ბოლო სეზონისთვის კალიფორნიულმა გრანდმა ახალი გუნდი შეკრიბა - 10-ზე მეტი ახალი მოთამაშე, რომელთა უმეტესობაც ვეტერანები არიან. ლეიკერსს რასელ ვესტბრუკი, კარმელო ენტონი, დუაიტ ჰოვარდი, რაჟან რონდო, ტრევორ არიზა და კენტ ბეიზმორი დაემატნენ.

მთავარი კითხვა რასელ ვესტბრუკს უკავშირდება, მოთამაშეს, რომელიც მიიჩნევა, რომ საჩემპიონო გუნდს არ გამოადგება. ვესტბრუკს ლებრონთან ერთად საერთო ენის მოძებნა მოუწევს - კარიერაში პირველად იგი უბურთოდ თამაშს უნდა დათანხმდეს და შეეგუოს, რომ მატჩის ბოლოს ის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. თუკი, რასი ამას არ დათანხმდა, მაშინ ლეიკერსს ბევრი პრობლემა ექნება. ვესტბრუკი უკვე ვეტერან ლებრონს და ტრავმატულ დევისს უნდა დაეხმაროს, რომ პლეი ოფს ჯანმრთელად და დასვენებულები შეხვდნენ. სწორედ იგი იქნება ლეიკერსის მთავარი გენერალი იმ წუთებსა და თამაშებში, როცა ლებრონი სკამზე იჯდება. სწორედ ამიტომ განიხილავს ფრენკ ვოგელი ვესტბრუკი-დევისის პიკ ენ როლს, როგორც ერთ-ერთ ძირითად ოპციას შეტევაში.

ლეიკერსს ვესტბრუკთან ერთად თავისი დიდი სამეული ეყოლება 

ვოგელს სამქულიანების პრობლემის გადაჭრაც მოუწევს. ლეიკერსი წინა წელს ბოლო ათეულში იყო სამიანების რაოდენობით და პროცენტით. ამის შემდეგ გუნდი რამდენიმე კარგმა მსროლელმა დატოვა და ახლა კალიფორნიელთა დიდი სამეულიდან კარგი სამიანების მსროლელი არცერთია. პირიქით. ანუ ვოგელს თავის ვარსკვლავურ სამეულთან ერთად, სულ მცირე ორი მსროლელი მაინც უნდა ჰყავდეს პარკეტზე. სხვანაირად შეტევაში სივრცე არ იქნება და ლეიკერსის მთელი თამაში სამწამიანში ჭიდაობას დაემსგავსება.

ბევრი რამ არის ენტონი დევისზე დამოკიდებული. წინა სეზონში მისი სროლების პროცენტი საგრძნობლად გაუარესდა. პერიმეტრიდან ის კატასტროფული 26 პროცენტით ისროდა. ლეიკერსს ამ სეზონში დევისი უფრო მეტად ცენტრზე დასჭირდება. მანაც თანამედროვე ცენტრის როლი უნდა მოირგოს და აქცენტი სამწამიანსა და პერიმეტრიდან სროლაზე გააკეთოს. ლეიკერსს დევისის სროლა პერიმეტრიდან დაახლოებით 35 პროცენტით მაინც სჭირდება.

ვოგელს ბევრი სამუშაო აქვს - ფაქტობრივად, ახალი გუნდი უნდა ააწყოს. ეს გუნდი ბევრ კითხვას იწვევს და სეზონის მთავარი ინტრიგაა, თუმცა, როცა ლებრონი, დევისი და ვესტბრუკი ერთად გყავს და ლეიკერსი გქვია, არ შეიძლება ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი არ იყო. არ მეგულება დასავლეთში გუნდი, რომელიც, თუ ლეიკერსი აეწყო, მასთან ფავორიტი იქნება.

მეორე ეშელონის გრანდები

ამ კატეგორიაში ის გუნდები შეგვყავს, რომელთაც თითქოს მთავარი ფავორიტის სტატუსი არ აქვთ, თუმცა ყველაფერი აქვთ, რომ საჩემპიონოდ გაისროლონ. ასეთია ფინიქსი, რომელსაც წინა წელს ჩემპიონობისთვის ძალიან ცოტა დააკლდა. ასეთია მუდამ სტაბილური და კარგად აწყობილი იუტა და პატ რაილის მაიამი, რომელიც საგრძნობლად გაძლიერდა.

ფინიქსი

ფინიქსი წინა სეზონში შეუჩერებელი იყო. მონტი უილიამსის გუნდი სულ ერთ ნაბიჯზე შეჩერდა ჩემპიონობისგან - მილუოკისთან მათ სერია 2-0-დან წააგეს. უილიამსმა გუნდი სრულად შეინარჩუნა. არიზონაში დარჩნენ კამერონ პეინი და კრის პოლი, რომელთაც თავისუფალი აგენტის სტატუსი ჰქონდათ. ორგანიზაციას ახალ კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა მიკალ ბრიჯესი. დამატებით ლანდრი შემეტიც მოვიდა - კიდევ ერთი მსროლელი ფინიქსის სკამს აუცილებლად გააძლიერებს (39.7 პროცენტი პერიმეტრიდან).

მონტი უილიამსს სკამის პრობლემა აქვს - ძირითადი ხუთეული სრულფასოვნად შეცვლა ფინიქსის სკამს არ შეუძლია. მილუოკისთან ფინალებმა აჩვენა, რომ არიზონელებს განსაკუთრებით სამწამიანში უჭირთ მასა, სიმაღლე და გაბარიტები. სწორედ ამიტომ, ვეტერანი ჯავალ მაკგი დაიმატეს, რომელიც კრიტიკულ მომენტებში წუთებს მიიღებს. ფინიქსის სამწამიანი ისევ არ არის საჩემპიონოდ ძლიერი. წინა სეზონში, მაგალითად, ბოლოდან მეოთხე იყო მოხსნებში მეტოქის ფარზე. სამაგიეროდ ეს გუნდი ბურთის მოძრაობაში, სროლების ორგანიზებასა და პოზიციურ შეტევაში ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ფინიქსის შეტევა წინა წელს საუკეთესო ხუთეულში იყო, ორქულიანი დისტანციიდან კი საერთოდაც საუკეთესო.

საჩემპიონო ფინიქის მონტი უილაისსის და კრის პოლის გარშემო შეიქმნა

ფინიქსის ბანაკში მთავარი ამბავი კრის პოლის შენარჩუნება გახლდათ. პოლი 36 წლის არის და რთულია ყოველ ახალ სეზონში თავისი უწინდელი დონე შეინარჩუნოს. სამაგიეროდ, ბუკერი-აიტონის ახალგაზრდული დუეტი აუცილებლად მოუმატებს. მათი პროგრესი განსაზღვრავს, თუ რამდენად რეალურია კიდევ ერთი ფინალისთვის ბრძოლა.

წინა წელს ფინიქსის კონკურენტები ტრავმებმა გააწამა. წელს შესაძლოა ფინალისკენ გზა უფრო რთული იყოს, თუმცა მონტი უილიამსის გუნდს საჩემპიონო ამბებიდან ბოლომდე ვერ ჩამოვწერთ.

იუტა

იუტა ძალიან კარგი გუნდია და უკვე მერამდენე სეზონია ჩემპიონობას არატრადიციული გზით ცდილობს. იუტა სუპერვარსკვლავებზე მეტად აქცენტს გრძელ და შეთამაშებულ შემადგენლობაზე, თამაშის ორგანიზაციასა და შიდა გუნდურ ერთობაზე აკეთებს. ჯაზი პლეი ოფის სტაბილური მონაწილეა, თუმცა ამაზე მეტი არ გამოდის.

წინა წელს იუტამ დასავლეთ კონფერენცია მოიგო, თანაც ისე, რომ მესამე ადგილზე იყო მთელ ლიგაში შეტევაში და მეოთხეზე დაცვაში. ეს ქვინ სნაიდერის სათამაშო მოდელის დამსახურებაა. იუტა რუდი გობერის გარშემოა აწყობილი - ელიტური დაცვითი ცენტრი და ოთხი კაცი, რომელთაც პერიმეტრიდან სროლა კარგად შეუძლიათ. სნაიდერი მარტივი, მაგრამ შედეგიანი მოდელით თამაშობს.

იუტა წინა წელს პირველ ადგილზე იყო სამქულიანების რაოდენობით და მეოთხე სიზუსტით (ზუსტი სამიანების 38.9 პროცენტი). დაცვაში გობერთან ერთად იუტა ლიგაში საუკეთესოდ იცავდა ორქულიანებს და მესამე იყო შეტევაში მოხსნებში.

სამწამიანში გობერი ლიგის საუკეთესო მცველია

თუმცა, პლეი ოფში იუტას მოდელი კვლავ მეტოქის "მსუბუქ ხუთეულს" შეეწირა. როცა პლეი ოფში გობერის წინააღმდეგ მობილური ხუთეულით თამაშობენ, იუტას პრობლემები ექმნება. პერიმეტრზე ამ გუნდის დაცვა საუკეთესო ნამდვილად არ არის. თუ სნაიდერი ამ დილემას გადაჭრის, იუტა დასავლეთიდან შეიძლება სეზონის ერთ-ერთი ფავორიტი იყოს.

ამ ზაფხულში იუტას მფლობელები და მენეჯმენტი შეიცვალა და ეს შესაძლოა ცუდად აისახოს ორგანიზაციაზე. ცვლილებებს დრო სჭირდება. ყველაზე მნიშვნელობა მაიკ კონლის შენარჩუნება გახლდათ. კონლის გარეშე იუტას ძალიან უჭირს ისეთი მოთამაშეები, რომელთაც სროლის შექმნა და ბურთის მოძრაობა შეუძლიათ. მერე, ყველაფერი დონოვან მიტჩელის საქმე ხდება, რომელიც 100 პოზიციაზე სროლების რაოდენობით ლიგაში პირველ ადგილზე იყო. კონლიმ მიტჩელზე დატვირთვა უნდა შეამციროს, თანაც პერიმეტრზე ის გუნდის საუკეთესო მცველია.

იუტას გამოცდილი რუდი გეი დაემატა. მასთან ერთად ჯაზი უფრო იოლად გადაეწყობა უფრო მობილურ ხუთეულზე. თანაც გეიმ ჩაყრა კარგად იცის. იუტა დასავლეთში ერთ-ერთი მიძინებული ფავორიტია. სნაიდერს ძალიან დალაგებული გუნდი ჰყავს, რომელმაც არავინ იცის, პლეი ოფში როდის გაისვრის.

მაიამი

წინა სეზონში მაიამის ძალიან არ გაუმართლა - ბევრი ტრავმები, კოვიდი და გადაღლილობა ორი წლის წინანდელი სეზონის გამო, რომელშიც მაიამიმ ფინალამდე მიაღწია. ამის შემდეგ ახალი სეზონი ორ თვეში დაიწყო და ტრადიციულად, დიდი დატვირთვებით მომუშავე ჰიტი სეზონს გადამწვარი შეხვდა.

ამ სეზონისთვის მაიამიმ თავის ძირითადი ბირთვი თითქმის სრულად შეინარჩუნა. წავიდა გორან დრაგიჩი, თუმცა მის ნაცვლად ვეტერანი კაელ ლოური მოვიდა, რომელიც ამ ზაფხულში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელი იყო ბაზარზე. მაიამი წინა წელს 23-ე ადგილზე იყო დაკარგვებით და ეს პირველ რიგში გამთამაშებლის პრობლემაა. შედეგად, სპოელსტრას გუნდი ბოლოდან მეორე იყო თამაშში სროლების რაოდენობით და მხოლოდ 19-ე შეტევაში. ლოურიმ ეს პრობლემები უნდა გადაჭრას.

ლოურის ტრეიდი ამ ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ამბავი იყო

მასთან ერთად ჰიტი, ტრადიციულად, ძლიერ დაცვას შეინარჩუნებს. მაიამი მეშვიდე ადგილზე იყო დაცვითი მაჩვენებლებით და ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ მეტოქისთვის დაკარგვების ორგანიზებაში. ლოურის ეს ორივე კომპონენტი კარგად ეხერხება.

გარდა ამისა, გუნდს მარკიფ მორისი და ვეტერანი დაცვის სპეციალისტი ფი ჯეი ტაკერიც დაემატნენ. ანუ მაიამის, რომელსაც წინა წელს სკამის სიგრძე უჭირდა, ბევრად უფრო გრძელი შემადგენლობა ეყოლება. პატ რაილის აუცილებლად ექნება ახალგაზრდების - ბემ ადებაიოს, ტაილერ ჰიროუს და დანკან რობინსონის პროგრესის იმედი. ბატლერი და ლოური გუნდის გამოცდილი ლიდერები იქნებიან. მაიამი ისევ დაცვითი გუნდი იქნება და რეგულარულში თამაშების იოლად მოგებას არ უნდა ველოდოთ. სამაგიეროდ, პლეი ოფში ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. თუკი ბრუკლინს ისევ პრობლემები ექნება, არავის გაუკვირდება მაიამისგან კიდევ ერთი ფინალი.

პრობლემური გრანდები

ამ კატეგორიაში ის გუნდები შედიან, რომელთაც თითქოს ყველაფერი აქვთ ჩემპიონობისთვის, თუმცა ტრავმების და სხვა შიდა პრობლემების გამო მათგან ბევრს არ უნდა ველოდეთ. თუმცა, თუ ეს პრობლემა გადაიჭრა, მათგან სიურპრიზები არ უნდა გაგვიკვირდეს.

ასეთუ გუნდია ლოს ანჯელეს კლიპერსი, რომელმაც კავაი ლეონარდი შესაძლოა მთელი სეზონით დაკარგოს. თუ კავაი დაგეგმილზე ადრე არ დაბრუნდა, კლიპერსი უშანსოდ იქნება. მასთან ერთად ტაი ლუის გუნდი საჩემპიონო ამბიციის ძალაა.

ასეთი გუნდია დენვერი, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული ჯამალ მარეისა და მის სათამაშო ფორმაზე. როგორ დაბრუნდება მარეი, ეს დიდწილად გადაწყვეტს დენვერის საჩემპიონო და საპლეიპოფო ამბიციებს.

ასეთი გუნდია გოლდენ სტეიტი, რომელიც წლის ბოლოს კლეი ტომპსონის დაბრუნებას ელის და თუკი კლეი უწინდელ ფორმაში იქნება, გოლდენ სტეიტისგან ამ სეზონში არაფერია გამორიცხული, მათ შორის არც საჩემპიონო ამბებში გარევა.

ასეთი გუნდია ფილადელფია, რომელსაც ბენ სიმონსის პრობლემა აქვს. სიმონსს წასვლა უნდა და ფილაც არ არის უარზე, ის "დაატრეიდოს". თუკი კარგი ვარიანტი გამოჩნდა და სიქსერსმა სიმონსის ტრეიდი კარგად მოახერხა, არც ფილადელფიასგან არის გამორიცხული ფინალისთვის ბრძოლა.

გუნდები, რომლებსაც ვუყურებთ

გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ განსაკუთრებულ ინტერესს გოგა ბითაძის ინდიანა იმსახურებს. ინდიანას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ძალიან სახელოვანი რიკ კარლაილი. ჩაგდებული სეზონის შემდეგ, კარლაილი პეისერსის გადაწყობას ეცდება. ბითაძესაც ახალი შანსი ექნება.

დიდ ინტერესს იმსახურებს პორტლენდის სეზონი. ლიგის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, დემინ ლილარდი ორგანიზაციის მუშაობით უკმაყოფილოა და თავისებური ულტიმატუმიც წაუყენა. პორტლენდი მნიშვნელოვნად კვლავ ვერ გაძლიერდა, თუმცა ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ლეგენდარული მოთამაშე, თუმც ახალბედა მწვრთნელი ჩონსი ბილაპსი. თუკი ბილაპსის და პორტლენდის საქმე კარგად არ წავიდა, არ არის გამორიცხული ლილარდმა "ტრეიდი" ამ სეზონშივე მოითხოვოს.

კომენტარები

ბოლო ამბები