Thumbnail

ალეგრის იუვენტუსი ბრუნდება - ტურინში მოურინიოს უსტვინეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • იუვენტუსი 1:0 რომა | გოლი: 1:0 კინი (16)
  • ტურინელებმა ზედიზედ მე-5 თამაში მოიგეს

მასიმილიანო ალეგრი იუვენტუსს სახეს უბრუნებს. ტურინელებმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-5 და სერია A-ში მე-4 გამარჯვება იზეიმეს, აქედან ბოლო სამი ერთნაირ სტილში და ანგარიშით - 1:0.

ეს ალეგრის ხელწერაა, დაცვაში მწყობრი და ორგანიზებული თამაში, მწვავე კონტრშეტევებით. იუვენტუსმა სერია A-ში ტურში ჟოზე მოურინიოს რომას უპრინციპულესი თამაში მოუგო და ოთხეულს უკვე ქულაში მიუახლოვდა. მოურინიო ტურინულ პუბლიკას გულზე არ ეხატება და მას მატჩის დაწყებამდე ბევრი უსტვინეს. ეს თამაშის კიდევ ერთი ინტრიგა იყო.

ალეგრის გუნდმა გოლი სწრაფად გაიტანა, გააზრებული შეტევით, რომელიც მატია დე შილიომ კარგი ჩაწოდებით დაიწყო და მოიზე კინმა თავით შეაგდო. რომამ ყველაზე მაგარი შანსი ტაიმის ბოლოს მიიღო, როცა ჰენრიხ მხითარიანზე წესის დარღვევა საჯარიმოში დაფიქსირდა, მაგრამ რომაელთა შტატიანმა პენალტისტმა ჯორდან ვერეტუმ ვერ გაიტანა. მას ვოიცეხ შჩესნიმ აჯობა.

შჩესნიმ იუვენტუსი გადაარჩინა

ცხადია, გუნდებს საგოლე მომენტები მე-2 ტაიმშიც ჰქონდათ, ყველაზე რეალური ისევ კინს, რომელმაც 4 მეტრიდან ააცილა პრაქტიკულად დაუცველ კარს. საბოლოოდ, იუვენტუსმა ისევ 1:0 მოიგო და სატურნირო ცხრილში ნელ-ნელა, მაგრამ წინ მიიწევს. ტურინელები იმავე რომას, რომელიც მე-4 ადგილზეა, უკვე ერთადერთი ქულით ჩამორჩებიან.

საინტერესო ფაქტები

⚽ იუვენტუსის ძირითად შემადგენლობაში 7 იტალიელი იყო. ამაზე მეტი იტალიელი ტურინელთა სასტარტოში ბოლოს 2015 წლის მაისში ინტერის წინააღმდეგ გახლდათ.

⚽ ჯორდან ვერეტუმ რომას მაისურით მე-14 პენალტი შეასრულა ყველა ტურნირზე და პირველად ვერ გაიტანა.

⚽ რომა პირველი გუნდია, რომელსაც "ალიანც სთედიუმზე" (იუვეს სტადიონი) იუვენტუსმა 10 თამაში მოუგო.

იუვენტუსი 1:0 რომა

გოლი: 1:0 კინი (16)

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - დანილო, ბონუჩი, კიელინი, დე შილიო (88. ალექს სანდრო) - კუადრადო, ბენტანკური, ლოკატელი, ბერნარდესკი (75 არტური) - კიეზა (71. მორატა), კინი (71. კულუშევსკი)

რომა (4-2-3-1): რუი პატრისიუ - კარსდორპი, იბანიესი, მანჩინი, ვინა -  კრისტანტე, ვერეტუ (81. შომუროდი); ძანიოლო (36. ელ შაარავი), პელეგრინი, მხითარიანი - აბრაჰამი

კომენტარები

ბოლო ამბები