Thumbnail
  • 📅 18 ოქტომბერი | ⌚ 03:00 | 🏸 ბასილაშვილი V ნორი | 📺 სილქ უნივერსალი
  • 29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი მასტერსის ფინალში პირველად ითამაშებს

დღეს გვიან ღამით 29 წლის ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერის ერთ-ერთი უმთავრესი მატჩი ელის. ნიკა პირველადაა გასული 1000-ანი მასტერსის ფინალში, სადაც 26 წლის ბრიტანელ კამერონ ნორისთან დაპირისპირება ელის.

საინტერესოა, რომ ბასილაშვილს წლევანდელ მასტერსებზე ექვსიდან ხუთ შემთხვევაში პირველ რაუნდში ჰქონდა წაგებული, ამჯერად კი, დიდი გზა გაიარა და უდიდეს წარმატებასთან ძალიან ახლოსაა.

შეგახსენებთ, რომ ინდიან ველსის მასტერსზე 29-ე ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა კრისტოფერ ეუბენქსს (აშშ) 6:4, 6:3 სძლია, ალბერტ რამოს-ვინოლასი (ესპანეთი) 4:6, 7:6 (7:2), 6:2 დაამარცხა, კარემ ხაჩანოვს (რუსეთი) 6:4, 7:6 (8:6) აჯობა, მე-2 განთესვის მქონე სტეფანოს ციციპასს (საბერძნეთი) 6:4, 2:6, 6:4 მოუგო, ნახევარფინალში კი ტეილორ ფრიცი (აშშ) გააგდო – 7:6 (7:5), 6:3.

თუკი ნიკოლოზმა მომავალ ფინალშიც წარმატებას მიაღწია, წლეულს მე-3 ტიტულს დაეუფლება, რადგანაც ზურგს უკვე უმაგრებს დოჰასა და მიუნხენში გამარჯვებები. მომავალი მეტოქის შესახებ ბასილაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ის ნამდვილად საინტერესო ჩოგბურთელია. გასულ კვირებში კარგად გამოიყურებოდა და ამ ტურნირზეც ძალიან მძლავრად თამაშობს. შევეცდები, მისი ძლიერი მხარეები კარგად შევისწავლო და გარკვეული გეგმა შევიმუშავო. კამერონთან უკანა ხაზიდან თამაში კომფორტული არ უნდა იყოს. თუკი ზედმეტ წნეხის ქვეშ არ მოვექცევი და მას ჩემს თამაშს შევთავაზებ, ვფიქრობ, კარგი შედეგის მიღწევა შემიძლია”.

ბასილაშვილი გამარჯვების შემთხვევაში, ATP-ს რეიტინგის საუკეთესო ოცეულში შევა, რასაც უკვე მიაღწია ბრიტანელმა. ეს გასაკვირი ნამდვილად არაა იმის გათვალისწინებით, რომ ნორიმ მიმდინარე სეზონში უკვე მე-6 ტურნირის ფინალშ გასვლა მოახერხა და ამ მხრივ, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან ერთად ლიდერობს, მის უკან კი, დანიილ მედვედევი (რუსეთი), კასპერ რუუდი (ნორვეგია) და ციციპასი არიან.

კამერონმა წლეულს ლოს კაბოსის (მექსიკა) ტურნირზე იმარჯვა და თუკი ინდიან ველსშიც გაჩემპიონდა, საჩემპიონო რბოლაში მე-10 ადგილზე გადავა და ძალიან მიუახლოვდება ფინალურ ტურნირზე გამსვლელ ბოლო მე-9 პოზიციაზე მყოფ ჰუბერტ ჰურკაჩს. პოლონელი ჩოგბურთელი ამ შანსთან ახლოს იმიტომაა, რომ ტურინში თამაშს არ გეგმავს ტრავმირებული ესპანელი რაფაელ ნადალი (მას მე-7 პოზიცია უკავია).

გასაკვირი არაა, რომ ბასილაშვილი პირველი ქართველია, ვინც ინდიან ველსის მასტერსის ფინალში ითამაშებს, ბრიტანელთაგან კი აქამდე, აღნიშნული მხოლოდ სამს მოუხერხებია: გრეგ რუსეცკის, ტიმ ჰენმანსა და ენდი მარის. “ისინი ბრიტანული ჩოგბურთის ლეგენდები არიან და მათ რიგში ჩემი გვარის გამოჩენა ნამდვილი ფანტასტიკაა. გასულ ორ წრეში ჩემი საუკეთესო ჩოგბურთი ვაჩვენე და ფინალშიც იგივე უნდა გავიმეორო”, - ამბობს ნორი.

შეგახსენებთ, რომ კამერონმა ნიკოლოზის მსგავსად ასპარეზობა მე-2 წრიდან დაიწყო და გზიდან ასევე ხუთი მეტოქე ჩამოიცილა: ტენის სანდგრენი (აშშ) – 6:4, 5:7, 6:0, რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი) – 6:4, 5:7, 6:3, ტომი პოლი (აშშ) – 6:4, 4:6, 6:2, დიეგო შვარცმანი (არგენტინა) – 6:0, 6:2 და გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი) – 6:2, 6:4.

ბასილაშვილი ან ნორი წლეულს მხოლოდ მე-6 ჩოგბურთელი გახდება, ვინც მასტერსის მოგებას მოახერხებს. აქამდე, ეს ჰურკაჩს, ციციპასს, ალექსანდერ ზვერევს (გერმანია, ორჯერ), ნადალსა და მედვედევს მოუხერხებიათ. ქართველი და ბრიტანელი ჩოგბურთელები ერთმანეთს ერთხელ შეხვედრიან: წელს, როტერდამის ტურნირზე კამერონმა 6:0, 6:3 მოიგო. მოახლოებული ფინალი თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები