Thumbnail

ისტორიული გამარჯვება - ბასილაშვილი მასტერსის ფინალშია!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველი ქართველი ჩოგბურთელია, რომელიც ATP ტურის მასტერსის ფინალში ითამაშებს!

ბუნებრივია, მან კარიერაში ასევე პირველად ითამაშა მასტერსის ნახევარფინალში - ინდიან ველსში (საპრიზო ფონდი 9 146 125 დოლარი) მისი მეტოქე კი მასპინძელი ტეილორ ფრიტცი იყო, რომელიც რეიტინგის 39-ე ნომერია და მისი დამარცხება მოახერხა.

პირველი სეტი, რომელიც ზუსტად საათის განმავლობაში გაგრძელდა, ბასილაშვილმა ტაიბრეიკზე მოიგო. ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებაზე შესანიშნავად ირჯებოდა და ისე მივიდნენ ტაიბრეიკამდე, რომ ბრეიკი არცერთს ჰქონია. აღსანიშნავია, რომ ნიკამ ჯერ 4:5-ზე და მერე 5:6-ზე ჯამში სამჯერ გადაარჩინა მეტოქის სეტპოინტი, ხოლო ტაიბრეიკზე თავად პირველივე სეტპოინტი გამოიყენა და დაწინაურდა - 7:6 (7:5). საერთოდ, ბასილაშვილი უკანა ხაზიდან მეტოქეს ცალსახად ჯაბნიდა და ფრიტცი მხოლოდ კარგი ჩაწოდებების ხარჯზე ახერხებდა ქულების მოპოვებას.


მე-2 სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა გაცილებით დამაჯერებლად და დომინანტურად მოიგო. ნიკოლოზმა შეხვედრაში ერთადერთი ბრეიკი შეასრულა, მაგრამ ნახევარფინალური დუელის ბედი სწორედ ამან გადაწყვიტა. მეორე სეტის მე-6 გეიმში 29 წლის ქართველმა ამერიკელის ჩაწოდება მოიგო და 4:2 დაწინაურდა. მოპოვებული უპირატესობა კი ხელიდან არ გაუშვია და სეტი 6:3 მოიგო.


საბოლოოდ ნიკამ საათსა და 43 წუთში, 7:6 (7:5), 6:3 სძლია 23 წლის ამერიკელს. ბასილაშვილმა 3 ეისი შეასრულა, თუმცა მხოლოდ ერთი ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო ფრიტცმა 11 ეისი მიითვალა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ბასილაშვილს ფინალში კამერონ ნორისთან მატჩი ელის

ბასილაშვილს ინდიან ველსის ფინალში გასვლით რეიტინგში მნიშვნელოვანი წინსვლა ელოდება და 36-ე პოზიციიდან 27-მდე აინაცვლებს და 510 ქულა შეემატა.

გავიხსენოთ, რომ ინდიან ველსში ბასილაშვილი 1/32 ფინალიდან ჩაება და თავიდან კრისტოფერ ეუბანკსი 6:4, 6:3 დაამარცხა, შემდეგ ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს 4:6, 7:6, 6:2 აჯობა, 1/8-ფინალში რუსი კარენ ხაჩანოვის ბარიერი დაძლია (6:4, 7:6), ხოლო 1/4-ფინალში რეიტინგის მე-3 ნომერ, ბერძენ სტეფანოც ციციპასს სძლია (6:4, 2:6, 6:4).

ფინალი კვირას გაიმართება და ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ისტორიულ შეხვედრაში რეიტინგის 26-ე ნომერი, ბრიტანელი კამერონ ნორი იქნება. ისინი აქამდე ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს - მიმდინარე წლის 1 მარტს, როტერდამის ტურნირზე ქართველმა 0:6, 3:6 წააგო და ახლა მასთან რევანშის აღებას ეცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები