Thumbnail

ქართული დერბი დინამომ მოიგო - ტორპედოში მჭედლიძის დებიუტი შედგა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო თბილისი 1:0 ტორპედო | გოლი: 1:0 სპორკსლედე (7)
  • 29-ე ტური დასრულდა, მომდევნო ტური კი საჩემპიონო ბრძოლაში გადამწყვეტია

საქართველოს ჩემპიონატის 29-ე ტური ცენტრალური მატჩით დასრულდა, რომელშიც მოქმედი ჩემპიონი დინამო თბილისი ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

ქართული დერბი დაძაბული გამოდგა, მაგრამ ნაკლებსანახაობრივი და მისი ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ფაბიან სპორკსლედემ მე-7 წუთზე გაიტანა. ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილის პასი კარგად დაამუშავა, დარტყმის მოსამზადებლად საკმარისი დრო ჰქონდა და ლევან შოვნაძისთვის შანსი არ დაუტოვებია.

ამ გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაში წინ იყო, გოლი აღარ გასულა და ქართული დერბი თბილისელებმა მოიგეს, რითაც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დარჩნენ. კახა ცხადაძის გუნდი დინამო ბათუმს ისევ 7 ქულით ჩამორჩება და ბევრ რამეს მომდევნო ტურის მატჩი გადაწყვეტს, რადგან 20 ოქტომბერს, სტუმრად დინამო ბათუმს დაუპირისპირდება.

განსხვავებული ამოცანაა ტორპედოს წინაშე, რომელიც 26 ქულით პლეი აუტის ზონაშია და ლიგაში დასარჩენად იბრძვის. კახა ჩხეტიანის გუნდისთვის ახლა თითოეული ქულა მნიშვნელოვანია, წინ კი საბურთალოსთან საშინაო თამაში ელოდება. აღსანიშნავია, რომ ტორპედოს რიგებში დებიუტი ჰქონდა ლევან მჭედლიძეს. საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ მისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

29-ე ტურში სხვა მატჩებიც გაიმართა და მასპინძელთა დომინირება აშკარაა: გორის დილამ სამტრედიას (3:1), საბურთალომ სამგურალს (2:1), ხოლო თელავმა ლოკომოტივს (2:1) მოუგო. 29-ე ტური ფოთში დაიწყო, სადაც დინამო ბათუმმა ქობულეთის შუქურას აჭარულ დერბიში აჯობა.

დინამო თბილისი 1:0 ტორპედო

გოლი: 1:0 სპორკსლედე (7)

დინამო თბილისი (3-4-3): პრიეტო - ბენიო, პაპავა, ხვადაგიანი - სპორკსლედე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი (74. კალანდაძე), ხარაბაძე (90 კობოური) - კუცია (74. მორჩილაძე), მარუშიჩი, ბარნსი

ტორპედო (4-3-3): შოვნაძე - ინკუმი (81. მჭედლიძე), მირცხულავა, მუდიმუ, ნადარაია - კარაგუნისი (81. მახარობლიძე), მამასახლისი (71. რეკიში), ცინცაძე - წოწონავა (71. ჩალაძე, ზიდანი, ბუკასი (86. ტაბატაძე)

კომენტარები

ბოლო ამბები