Thumbnail

6 თვით ციხეში - მადრიდის სასამართლომ ბაიერნის მცველი არ დაინდო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • წლების წინ ლუკა ერნანდესი მეგობარ გოგონას ფიზიკურად გაუსწორდა
  • დღეს ფრანგი ფეხბურთელი და ამელია დე ლა ოსა ლორენტე ცოლ-ქმარი არიან
  • 25 წლის მცველი მადრიდის სასამართლოში 19 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს 

მიუნხენის ბაიერნისა და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს ლუკა ერნანდესს 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ამის მიზეზი მის ამჟამინდელ ცოლთან, ამელია დე ლა ოსა ლორენტესთან მიახლოებაზე აკრძალვის დარღვევაა. ამის შესახებ ინფორმაცია მადრიდის უზენაესმა სასამართლომ პრესრელიზით გაავრცელა. 

წლების წინ ატლეტიკოს ფეხბურთელი დე ლა ოსა ლორენტეს, რომელთანაც რომანი ჰქონდა, ფიზიკურად გაუსწორდა. 2017 წელს ადგილობრივმა სასამართლომ ოჯახური ძალადობის საქმე განიხილა და განაჩენი გამოიტანა - 31 დღე საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულება და გოგონასთან 500 მეტრ მანძილზე მიახლოებაზე აკრძალვა.

მოგვიანებით წყვილი შერიგდა და მალევე ქორწილიც გადაიხადეს. ამავდროულად, ლუკას აკრძალვა ამელიასთან მიახლოებაზე ძალაში დარჩა. ამ ზაფხულს ფეხბურთელმა გოგონასთან ერთად შვებულებაც გაატარა, სასამართლომ კი ეს აკრძალვის დარღვევად ჩათვალა და განაჩენი გამოიტანა - 6-თვიანი პატიმრობა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა, აპელაციის განხილვა კი 19 ოქტომბერსაა დანიშნული. ერნანდესი ვალდებულია, პირადად დაესწროს პროცესს. 

საინტერესოა ის, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს არა ლუკას და ამელიას ერთობლივი ფოტო, არამედ ის ფაქტი, რომ შვებულებიდან წყვილი ერთი თვითმფრინავით დაბრუნდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები