Thumbnail

კოსოვოს საფეხბურთო ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოსთან მარცხის მერე, თანამდებობიდან 70 წლის შვეიცარიელი ბერნარ შალანდი დაითხოვეს.

ეს ამბავი საგანგებო პრესკონფერენციაზე გაცხადდა, რომელსაც შალანდის გარდა, კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აგიმ ადემი ესწრებოდა. მან შვეიცარიელ სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა, თავად შალანდს კი აშკარად ეტყობოდა, რომ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება თავად არ მიუღია:

“ამ ნაკრებთან მუშაობით დიდ სიამოვნებას ვიღებდი, ამდენად, გული ნამდვილად მწყდება. პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული იყო და ახლა, შემდეგ ეტაპზე გადასვლის დრო გახლდათ. იმედი მაქვს, კოსოვის ნაკრების საქომაგოდ აქ მომავალშიც ჩამოვალ”.

შეგახსენებთ, რომ კოსოვოელებმა საქართველოს ნაკრებს ბათუმში 1:0 სძლიეს, გუშინ კი, პრიშტინაში 1:2 დამარცხდნენ და დიდი შანსია, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ბოლო ადგილზე გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ კოსოვოელებმა შვეიცარიელი მწვრთნელი 2018 წლის მარტში დანიშნეს და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სამივე ამხანაგური მატჩი მოიგო, მოგვაიანებით კი, ერთა ლიგის D ჯგუფის პლეი-ოფში გასვლა მოახერხა, თუმცა, ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა.

შალანდის სამწვრთნელო კარიერა 1978 წელს იწყება და მას მერე, იანგ ბოისში, სერვეტში, ციურიხში, სიონში, ქსამაქსში, თუნში, სომხეთისა და შვეიცარიის ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობა მოასწრო.

კოსოვოური პრესა უკვე შალანდის სავარაუდო შემცვლელებზე წერს, ყველაზე ხშირად კი ფელიქს მაგათს, ვალტერ ძენგასა და რობერტო კარლოსს ახსენებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები