Thumbnail

მილიარდი ევრო! საოცარი გამოსასყიდი თანხა პედრის სანაცვლოდ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ესპანური ბარსელონა ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა 18 წლის ტალანტ პედრის და საოცარი გამოსასყიდი თანხა – მილიარდი ევროც დაუწესა.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ტვიტერში წერს, ესპანელ ფეხბურთელთან მორიგი ხელშეკრულება 2026 წლის ივნისამდეა გათვლილი. მხარეებმა უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს, ოფიციალური განცხადება კი უახლოეს პერიოდში გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ 16 წლის პედრი 2019 წელს ლას პალმასიდან აიყვანა და მის სანაცვლოდ მხოლოდ 5 მილიონი ევრო გადაიხადა. 2020 წლის ზაფხულში ის კატალონიელთა ძირითად გუნდს შეუერთდა და ფაქტობრივად, მყისიერად სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა.

საინტერესოა, რომ გასულ სეზონში პედრიმ ბარსელონას და ესპანეთის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრებების მაისურით ჯამში 73 მატჩი ჩაატარა და რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. მან 1 თამაშით გაუსწრო პორტუგალიის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველ ბრუნო ფერნანდეშს. ამას გარდა, უეფამ პედრო ევროპის პირველობის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა. მიმდინარე სეზონის სტარტზე მან ტრავმა მიიღო და ახლა, რეაბილიტაციას გადის.

კომენტარები

ბოლო ამბები