Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვოს ნაკრები სტუმრად 2:1 დაამარცხა და არა მარტო მიმდინარე ციკლში, არამედ ზოგადად, მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

გარდა ამისა, ეს იყო ვილი სანიოლის პირველი ოფიციალური გამარჯვება (მთლიანობაში მეორე, რუმინეთთან ამხანაგური თამაში). მატჩის შემდეგ კოსოვოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ შალანდმა და ფეხბურთელებმა, ბერსანტ სელინამ და ბეტიმ ფაზლიჯიმ კომენტარი გააკეთეს. სამივე მათგანის პათოსი ერთნაირი იყო - კოსოვო წაგებას არ იმსახურებდა.

ბერნარ შალანდი (კოსოვოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

"ასეთი თამაშის შემდეგ ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ამ თამაშის წაგება არ შეიძლებოდა, რადგან თამაშის ხარისხი ცუდი არ იყო. პირველი გოლის შემდეგ გუნდმა კარგი რეაგირება მოახდინა და შესანიშნავი თამაში ჩაატარა. ძალიან ბევრი ხელსაყრელი სიტუაცია გვქონდა ბოლო 25 მეტრში, რაც ამ დროისთვის ჩვენი პრობლემაა. მეორე ტაიმში უფრო მეტად დომინანტები ვიყავით, მაგრამ შეტევების დასრულება ვერ მოვახერხეთ. საერთოდ არ ვიყავით ეფექტურები და ბოლო ნაბიჯის გადადგმა გვაკლდა. ასეთი მატჩის წაგებას ვერასდროს ვიფიქრებდი, მაგრამ ფეხბურთი ასეთია - მეტოქე ორჯერ შემოვიდა ჩვენს საჯარიმოში და ორჯერ გოლი გაიტანა. ჩემი გუნდი ცდილობდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ ამჯერად მეორე გოლი ვერ გავიტანეთ და სახიფათოებიც საკმარისად არ ვიყავით. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მე მეკისრება.

ჩემთვის სატურნირო ცხრილში მეოთხე ან მეხუთე ადგილზე გასვლა პრობლემა არ არის. რთული ჯგუფი იყო, შეიძლებოდა უფრო მეტი ქულის მოპოვება, მაგრამ ეს პრობლემა არაა. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო მატჩს მოვიგებთ საბერძნეთთან და ერთა ლიგისთვის მოვემზადებით. წინა პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ გუნდში თავს კარგად ვგრძნობ და პრობლემა არ მაქვს, ჩვენ შედეგები გვჭირდება, მაგრამ ამჯერად ის არ გვაქვს. მე ჩემს მაქსიმუმს ვიღებ, ვაკეთებ ჩემს საქმეს და დანარჩენი ფედერაციის გადასაწყვეტია, არა ჩემი. მზად ვარ ყველაფრისთვის, მათ შორის, ერთა ლიგაზე გუნდის ხელმძღვანელობისთვის".

ბერსანტ სელინა (კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელი): "წაგებას არ ვიმსახურებდით, რადგან მეტოქეზე მეტი მომენტი შევქმენით. ვეცადეთ, რომ მეორე გოლის შემდეგ თამაშში დავბრუნებულიყავით, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ".

ბეტიმ ფაზლიჯი (კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელი): "თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ ფეხბურთში შეცდომები ხდება, შემდეგ უფრო გართულდა და შევძელით თამაშში დაბრუნება. გოლის გატანის კარგი შანსები გვქონდა, თუმცა არ გაგვიმართლა. კარის წინ არ ვართ საკმარისად ეფექტურები, ვქმნით მომენტებს, მაგრამ ვერ ვაგვირგვინებთ. იმედი მაქვს, რომ ამას გამოვასწორებთ".

ამირ რაჰმანი (კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელი): "რთული მატჩი იყო, მაგრამ, როგორც გუნდმა უფრო მეტი უნდა გავიღოთ, რაც დღეს გავიღეთ, საკმარისი არ იყო. მოედანზე გამარჯვების სურვილით გავედით, მაგრამ საწმუხაროდ არ გამოგვივიდა. შეტეევაში ეფექტურობის ნაკლებობა არსებობს. საბერძნეთთან ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, რადგან ეს ბოლო მატჩია შესარჩევში და შემდეგ ახალ ეტაპზე უნდა ვიფიქროთ".

მილოტ რაშიცა: (კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელი): "თამაში კარგად დავიწყეთ, ყველა ასპექტში უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ მომენტები, რომელიც გვქონდა და ეს ძვირად დაგვიჯდა. მომენტებს ვქმნით, მაგრამ საჭირო მომენტში, სადაც უნდა ვიყოთ, არ ვართ. ახლა განწყობა ცუდია, რადგან გვსურს, რაც შეიძლება მეტი ქულის მოპოვება. საბერძნეთთან უნდა გამოვიყენოთ მომენტები და შეტევაში უფრო ეფექტურები ვიყოთ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფში ბოლო ადგილს თავი დააღწია, კოსოვოს 4 ქულით გაუტოლდა, მაგრამ ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მე-4 საფეხურზე აღზევდა. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო და შესარჩევ ეტაპზე ბოლო მატჩს 11 ნოემბერს, ბათუმში, შვედეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები