Thumbnail

4 ტური ივნისში, წილისყრა დეკემბერში - ყველაფერი, რაც მომავალ ერთა ლიგაზე ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ერთა ლიგის მე-3 გათამაშება 2022 წლის ივნისში დაიწყება
  • ცნობილია, რომელ კალათაში განთესეს საქართველოს ნაკრები

უეფას ერთა ლიგის მე-2 გათამაშება დასრულებულია, ახალი ტურნირის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრებია, რომელმაც ფინალში 2:1 დაამარცხა ესპანეთის ნაკრები. უეფამ ტურნირის მე-3 გათამაშების, 2022/23 წლების სეზონის ვადები დაადგინა. 

ერთა ლიგის მორიგი გათამაშება 2022 წლის ივნისში დაიწყება, ფინალური ოთხეულის მატჩები კი ერთი წლის მერე, 2023 წლის ივნისში გაიმართება. როგორც ბოლო ერთა ლიგაზე, ახლაც ოთხი ლიგა იქნება - A, B და C ლიგები თითოეულში 16-16 ნაკრებით და D ლიგა 7 გუნდით. ჯგუფური ეტაპის წილისყრა მონტროში 16 დეკემბერს გაიმართება. 

ერთა ლიგის მე-2 გათამაშების ჩემპიონი საფრანგეთია

A, B და C ლიგებში 16-16 ნაკრებია, თითოეულ ლიგაში 4 ოთხგუნდიანი ჯგუფი შედგება. 7-გუნდა D ლიგა კი ორ ჯგუფად გაიყოფა. მატჩები 2022 წლის ივნისსა და სექტემბერში გაიმართება. თანაც, 6-დან 4 ტური ივნისში შედგება, ხოლო 2 სექტემბერში. მოკლედ, გამართლდა ჩვენი ვარაუდი, რომ ივნისში უპრეცედენტო, 4-მატჩიანი სანაკრებო ფანჯარა გველის, რაც ძალზე უცნაურია. უეფა ამას 2022 წლის მუნდიალით ხსნის, რომელიც ზაფხულის ნაცვლად ყატარში ზამთარში უნდა გაიმართოს. 

A ლიგის 4 ჯგუფის გამარჯვებულები 2023 წლის ივნისში ტიტულისთვის ოთხთა ფინალს ითამაშებენ. დანარჩენ ლიგებში გამარჯვებულები მომდევნო, 2024/25 წლების სეზონისთვის ერთით მაღალ ლიგაში იასპარეზებენ. A და B ლიგის ბოლოადგილოსნები დაქვეითდებიან, ხოლო C ლიგის ბოლოადგილოსნები კი პლეი აუთში ითამაშებენ და ორი დამარცხებული D-ში დაქვეითდება. 

საქართველოს ნაკრები C ლიგაში ითამაშებს. ასე რომ, გაგაცნობთ ამ ლიგის კალათებს 16 დეკემბრის წილისყრისთვის:

პირველი კალათა: თურქეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ჩრდ. ირლანდია
მეორე კალათა: საბერძნეთი, ბელარუსი, ლუქსემბურგი, ჩრდ. მაკედონია
მესამე კალათა: ლიეტუვა, საქართველო, აზერბაიჯანი, კოსოვო
მეოთხე კალათა: გიბრალტარი, ფარერები, 2022 წლის პლეი აუთის 2 გამარჯვებული 

შენიშვნა: 2022 წლის პლეი აუთში მარტში მონაწილეობენ: ყაზახეთი-მოლდოვა და კვიპროსი-ესტონეთი. ამ წყვილებში გამარჯვებულები C ლიგის მე-4 კალათში მოხვდებიან.

უეფას მიერ გათვალისწინებულია შეზღუდვებიც. მაგალითად, უკრაინა და რუსეთი ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან. ასევე (გეოგრაფიული დაშორების გამო) ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან: ანდორა და ყაზახეთი, მალტა და ყაზახეთი, ჩრდილოეთ ირლანდია და ყაზახეთი, გიბრალტარი და აზერბაიჯანი, სომხეთი და ისლანდია, ისრაელი და ისლანდია. 

ერთა ლიგის კალენდარი

I-II ტური: 2-8 ივნისი 2022 წ.
III-IV ტური: 8-14 ივნისი 2022 წ.
V-VI ტური: 22-27 სექტემბერი

რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ერთა ლიგა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო სისტემაში, უეფა მოგვიანებით გვაუწყებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები