Thumbnail

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზურაბ დათუნაშვილი (87 კგ.) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, თუმცა, ისევ სერბეთის სახელით.

დათუნაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ წრეში რუსეთის სახელით მოასპარეზე მილად ალირზაევი 4:3 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ქართველ ლაშა გობაძეს 2:1 აჯობა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც დანიის სახელით მოასპარეზე ტურპან ბისულტანოვთან პრობლემების გარეშე, 5:1 მოიგო.

ფინალური ბრძოლა ზურასთვის ყველაზე ადვილი გამოდგა. მან ბელარუსი კირილ მასკევიჩი 4 წუთში აშკარა უპირატესობით - 9:1 დაამარცხა და ოქროს მედალი დაისაკუთრა. აღსანიშნავია, ჩემპიონის 5-ქულიანი გდება, რომელმაც მას ვადაზე ადრე გამარჯვების საშუალება მისცა.

ზურაბ დათუნაშვილმა ფინალში ეფექტური 5-ქულიანი გდება განახორციელა

შეგახსენებთ, რომ დათუნაშვილი სერბეთის სახელით 2020 წლიდან გამოდის და მსოფლიოს ჩემპიონობა კარიერაში პირველად მოიპოვა, სამი თვის წინ ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. გარდა ამისა, წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა და ამგვარად, სერბეთს წლეულს 3 მედალი შესძინა. მას საქართველოს სახელით ორჯერ აქვს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოპოვებული.

ზურაბმა საქართველოს ეროვნული ნაკრების დატოვება 2019 წელს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა.

აქვე ისიც, ვთქვათ, რომ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 5 მედლით დაასრულა. ლერი აბულაძე (63 კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ.), რამაზ ზოიძემ (67 კგ.), ლაშა გობაძემ (87 კგ.) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა თავისუფლებზე უკეთესი შედეგი აჩვენა. თავისუფალ სტილში საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი დაისაკუთრა - 1 ვერცხლი (გენო პეტრიაშვილი) და 2 ბრინჯაო (ნიკა კენჭაძე და ზურაბ იაკობიშვილი).

კომენტარები

ბოლო ამბები