Thumbnail
  • ქართველმა ფალავანმა დანიელ მეტოქესთან ეფექტური 4-ქულიანი გდება შეასრულა
  • საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 5 მედლით დაასრულა - 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ლაშა გობაძე (87 კგ.) მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ფალავანმა გადამწყვეტ შეხვედრაში დანიის სახელით მოასპარეზე ტურპან ბისულტანოვი საკმაოდ იოლად - 5:2 დაამარცხა. ლაშამ მეტოქეს 4-ქულიანი გდება გაუკეთა და ბრძოლის ბედი პრაქტიკულად პირველივე პერიოდში გადაწყვიტა.

გობაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვს 11:0 აჯობა, 1/4-ფინალში კი საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანთან და ახლა უკვე სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილთან დაძაბულ ბრძოლაში 1:2 წააგო. ვინაიდან დათუნაშვილი ფინალში გავიდა, გობაძემ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც პირველ წრეში რუსეთის სახელით მოასპარეზე მილად ალირზაევს 5:3 მოუგო, მერე კი იყო ბისულტანოვთან გამარჯვება.


აღსანიშნავია, რომ დღეს ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რამაზ ზოიძემ, ხოლო ლერი აბულაძის აქტივში ვერცხლის მედალია.

ამგვარად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 5 მედლით დაასრულა. ლერი აბულაძე (63 კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ.), რამაზ ზოიძემ (67 კგ.), ლაშა გობაძემ (87 კგ.) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა თავისუფლებზე უკეთესი შედეგი აჩვენა. თავისუფალ სტილში საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი დაისაკუთრა - 1 ვერცხლი (გენო პეტრიაშვილი) და 2 ბრინჯაო (ნიკა კენჭაძე და ზურაბ იაკობიშვილი).

კომენტარები

ბოლო ამბები