Thumbnail

ლაშა გობაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ფალავანმა რეპეშაჟში რუსი მეტოქე დაამარცხა
  • მედლის მოპოვების შანსი საქართველოს ნაკრების კიდევ ორ წევრს აქვს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ლაშა გობაძემ (87 კგ.) ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქართველმა ფალავანმა რეპეშაჟში რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენელ მილად ალირზაევს 5:3 სძლია. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში გობაძის მეტოქე დანიის სახელით მოასპარეზე ალი ბისულტანოვი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტურნირში გუშინ ჩაერთო და მერვედფინალში აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვს 11:0 სძლია, მეოთხედფინალში კი სერბეთის ნაკრების წევრ ზურაბ დათუნაშვილთან 1:2 წააგო. ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა და გობაძე სანუგეშო რაუნდში ამის წყალობით გადაერთო.

ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს და კვარცხლბეკზე ასვლის შანსი საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრების კიდევ ორ წევრს ექნება. ლერი აბულაძე (63 კგ.) ოქროს მედლისთვის ირანელ მეისამ დალხანის შეხვდება, ხოლო რამაზ ზოიძე (67 კგ.) ბრინჯაოსთვის აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაციის მონაგარი 2 ბრინჯაოს მედალია, რომლებიც ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ.) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ.) მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები