Thumbnail

ჩაკვეტაძეს დისკვალიფიკაცია შეუმცირეს - ის მხოლოდ ერთ მატჩს გამოტოვებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ფეხბურთელი 17 ოქტომბერს ეუპენთან ვერ ითამაშებს
  • ბელგიური გენტის აპელაცია ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ბელგიის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა გენტის საჩივარი და ქართველ ფეხბურთელ გიორგი ჩაკვეტაძეს დისკვალიფიკაცია ერთი მატჩით შეუმცირა, ამასთან, ის ფულადი ჯარისაც ნაკლებს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ნახევარმცველი ანტვერპენთან მატჩის 33-ე წუთზე უხეშობისთვის გააძევეს, რაც ბევრმა თავიდანვე არასამართლიანად მიიჩნია, კიდევ უფრო მოულოდნელი კი ის იყო, რომ გიორგის 2-მატჩიანი სასჯელი და 2 ათას ევროიანი ჯარიმა გამოუტანეს.

გენტში თვლიდნენ, რომ ჩაკვეტაძეს განზრახ არ უუხეშია, ამასთან, მან მეტოქეს მყის ბოდიში მოუხადა და ხისტი თამაშით გამორჩეული არასდროს ყოფილა, ამდენად, კარიერაში პირველივე წითელ ბარათზე 2-თამაშიანი უქმობა გადამეტებულად მიიჩნიეს. კლუბმა სადისციპლინო კომიტეტში აპელაცია შეიტანა და ნაწილობრივ წარმატებასაც მიაღწია.

დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, ჩაკვეტაძეს ჟუპილერ ლიგაში 1 თამაშის გამოტოვება მოუწევს, კიდევ ერთ მატჩზე მხოლოდ პირობითი სასჯელი იმოქმედებს და ფულადი ჯარიმაც 1 500 ევრომდე შემცირდა. ამგვარად, თუკი გიორგის ბელგიის ჩემპიონატში 17 ოქტომბერს ეუპენთან და 24 ოქტომბერს გენკთან შეხვედრები უნდა გამოეტოვებინა, ახალი ვერდიქტის თანახმად, მხოლოდ პირველ თამაშს დააკლდება.

ამჟამად, ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იმყოფება და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის შეგირდები 9 ოქტომბერს ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებენ, ხოლო 12-ში, პრიშტინაში, კოსოვოსთან თამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები