Thumbnail
  • საფეხბურთო ობსერვატორიამ საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა
  • ქართველთა შორის საუკეთესო ოთარ კიტეიშვილია

CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეთა მიმდინარე სია გამოაქვეყნა InStat-ზე დაყრდნობით. სიაში 5 000-ზე მეტი ფეხბურთელია. ევროპის კონტინენტზე CIES-მა 30 მოწინავე ჩემპიონატის მონაცემები შეისწავლა. ამ სიაში მოსახვედრად ფეხბურთელს ახალ სეზონში, სულ მცირე, 450 წუთი უნდა ჰქონდეს ნათამაშები. სამწუხაროდ, ეროვნული ლიგა CIES-ის სიაში ვერ მოხვდა. 

მიმდინარე სეზონში InStat-ის მიხედვით, საუკეთესო ფეხბურთელი ლივერპულის ეგვიპტელი სუპერვარსკვლავი მოჰამედ სალაჰია - 401 ქულა. მას ძალიან მცირედით ჩამორჩება დორტმუნდის ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰაალანდი. მოულოდნელად, მესამე ადგილზე მანჩესტერ სიტის ესპანელი ლეგიონერი როდრი ერნანდესია - 390. როდრიმ 10 ქულით აჯობა ბაიერნის პოლონელ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის. 

სალაჰმა ამ სეზონში პრემიერლიგაში 7 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 2 მატჩში - 3 გოლი გაიტანა. ჰაალანდმა ბუნდესლიგაში 7 თამაშში 4 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა, 1 გოლი ლიგაზე გაიტანა, 3 კი გერმანიის თასზე. 

ათეულში (სულ 11 ფეხბურთელი) 8 ინგლისური კლუბებიდანაა, 2 გერმანული და 1 ნიდერლანდური. 

ძალიან დაბალი შეფასება აქვს ლიონელ მესის (პსჟ), ხოლო კრიშტიანო რონალდო სიაში საერთოდ არ არის, რადგან პორტუგალიელს პრემიერლიგაში ჯერ 450 წუთი არ უთამაშია. 

ქართველები CIES-ის სიაში

CIES-ის საუკეთესოთა სიაში ქართველი ლეგიონერებიც არიან. 283 ქულა აქვს ოთარ კიტეიშვილს. სანამ მძიმე ტრავმას მიიღებდა, გრაცის შტურმის ნახევარმცველს ავსტრიის ბუნდესლიგაში 8 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე პასი ჰქონდა, 1 გოლი მან ავსტრიის თასზე გაიტანა. ოთარი ობსერვატორიის სიაში 413-ე პოზიციაზეა. 

ამ სეზონში ოთარ კიტეიშვილი საუკეთესოა

ხუთასეულში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელია - დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი) - 280 ქულით ის 481-ე პოზიციაზეა. 

ხვიჩა კვარაცხელიას (რუბინი) 274 ქულა აქვს, რუბინის შემტევს რუსეთის პრემიერ-ლიგაში 1 გოლი და 1 ასისტი აქვს. კვარაცხელია სიაში 620-ე პოზიციაზეა. გიორგი მამარდაშვილს (ვალენსია) 259 ქულა აქვს - 1249-ე ადგილი. მართალია, ამ სეზონში კარგად თამაშობენ საბა ლობჟანიძე და გიორგი მიქაუტაძე, მაგრამ მათ საკმარისი დრო არ აქვთ მოედანზე გატარებული, რომ სიაში მოხვდნენ.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები. TOP 10. CIES

1. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) - 401
2. ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი) - 400
3. როდრი ერნანდესი (მანჩესტერ სიტი) - 390
4. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) - 380
5. ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი) - 378
6. ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი) - 374
7. მარკოს ალონსო (ჩელსი) - 372
8. ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი (ლივერპული) - 370
9. ემერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი) - 368
10. ანდრეას კრისტენსენი (ჩელსი) - 362
... ლისანდრო მარტინესი (აიაქსი) - 362

ქართველები სიაში

1. ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) - 283
2. დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენია) - 280
3. ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი) - 274
4. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) - 259
5. ზურიკო დავითაშვილი (არსენალი ტ.) - 243
6. გურამ კაშია (სლოვანი) - 238
7. ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგერი) - 233
8. გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი) - 231
9. ლევან არველაძე (დესნა) - 222

 

კომენტარები

ბოლო ამბები