Thumbnail
  • იტალიის ნაკრების 37-მატჩიანი წაუგებელი სერია ესპანეთთან დასრულდა
  • ფედერიკო კიეზამ მსაჯი გააკრიტიკა, რომელმაც პირველ ტაიმში ბონუჩი გააძევა

უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალიის ნაკრებმა ესპანეთის ნაკრებთან წააგო (1:2) და ფინალში ვერ გავიდა. პირველ ტაიმში "სკუადრა აძურას" კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი გაუძევეს, რომელსაც რუსმა არბიტრმა სერგეი კარასევმა ჯერ პროტესტისთვის და შემდეგ სერხიო ბუსკეტსთან უხეშობისთვის ორი ყვითელი ბარათი უჩვენა.

იტალიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ფედერიკო კიეზამ მატჩის შემდეგ თქვა, რომ ბონუჩის გაძევება შეცდომა იყო და ასეთი გაფრთხილებები თავის კარიერაში არ უნახავს.

"გამარჯვებების შესანიშნავი სერია გვქონდა, მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, მაგრამ ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან წავაგებდით. ვულოცავ ესპანეთს გამარჯვებას, მათ ეს დაიმსახურეს. ცხადია, 10 ფეხბურთელით თამაში ძნელია. პირველ ტაიმში ორი სერიოზული მომენტი გვქონდა, სანაცვლოდ კი გოლი მივიღეთ, რამაც ესპანელებს საშუალება მისცა, თავი უფრო მშვიდად ეგრძნოთ. ვფიქრობ, მსაჯი ძალიან მკაცრი იყო ბონუჩის მიმართ. არასდროს მინახავს ასეთი უაზრო ყვითელი საერთაშორისო დონეზე. პირველი ყვითელი ბარათი შეცდომა იყო, ბონუჩი გუნდის კაპიტანია და სრული უფლება ჰქონდა, მსაჯისგან ახსნა-განმარტებები მოეთხოვა. ჩემს კარიერაში ასეთი რამ პირველად ვნახე, მსაჯმა ორივე ყვითელი ბარათი ძალიან მარტივად უჩვენა", - თქვა კიეზამ.

ბონუჩიმ მეორე ყვითელი ბარათი ამ მომენტში მიიღო

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა 2018-2021 წლებში ზედიზედ 37 მატჩი არ წააგო და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. აღსანიშნავია, რომ იტალიამ ისტორიაში პირველად წააგო მილანში, ‘სან სიროს' სტადიონზე და 1999 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა ოფიციალურ საშინაო მატჩში. იტალია 10 ოქტომბერს, მესამე ადგილისთვის ტურინში, ბელგიას ან საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები