Thumbnail

'საფრანგეთის მიზანი ერთა ლიგის მოგებაა' - დიდიე დეშამი ბელგიასთან მატჩზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იტალია 2020/21 წლების ერთა ლიგის ფინალურ ეტაპს მასპინძლობს 
  • საფრანგეთის ნაკრები ნახევარფინალში ბელგიას დაუპირისპირდება
  • დიდიე დეშამის ამოცანა ტურნირში გამარჯვების მოპოვებაა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მოსაგებად ბრძოლაში ერთვება. დიდიე დეშამის გუნდი ნახევარფინალურ შეხვედრას ბელგიასთან ჩაატარებს, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში იტალია-ესპანეთის წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება.

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბელგიასთან მატჩის წინ მეტოქესა და თავისი გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

"ტიტულის მოსაგებად ვიბრძვით და ნახევარფინალში დაპირისპირება მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან გვიწევს, მეორე წყვილი კი იტალია-ესპანეთია. ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ამ სტადიაზე ძალიან რთული ჯგუფიდან მოვხედრილიყავით. აქამდე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები იყო, ახლა კი ერთა ლიგაა და ჩვენი მიზანი აქ გამარჯვების მოპოვებაა.
 
ვიცი, როგორი გუნდი უნდა გამოვიყვანო ბელგიასთან. ტაქტიკამ, რომელმაც ფინეთთან კარგად იმუშავა, ერთ-ერთი ვარიანტია. ჩემი ამოცანაა, მეტოქეს მაქსიმალურად ბევრი პრობლემა შევუქმნა. 

ბელგიის ექვს თუ შვიდ მოთამაშეს ნაკრებში ასზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული. გუნდის ბირთვი ძალიან გამოცდილია და მას უდიდესი შეტევითი პოტენციალი აქვს. ბელგიის ნაკრები ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო", - თქვა დეშამმა. 

ევრო 2020-ზე წარუმატებლობის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებს ტიტულის მოგება ძალიან სურს

უეფას 2020/2021 წლების ერთა ლიგის ფინალურ ტურნირს იტალია მასპინძლობს. საფრანგეთისა და ბელგიის ნაკრებების ნახევარფინალური დაპირისპირება ტურინში, "ალიანც იუვენტუსზე", 7 ოქტომბერს გაიმართება. ფინალური შეხვედრა 10 ოქტომბერს, "სან სიროზე" ჩატარდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები